ევროკავშირი ამერიკულ იმპორტზე საპასუხო ტარიფებს აწესებს

ევროკავშირი პარასკევიდან ამერიკული იმპორტის ნაწილზე, 25-პროცენტიან ტარიფებს შემოიღებს. ეს იქნება საპასუხო რეაქცია შეერთებული შტატებისადმი, რომელმაც უფრო ადრე, ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე ანალოგიური ტარიფები დააწესა.მაგრამ ამით დაპირისპირება მხოლოდ ახალ ფაზაში გადადის. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ახალი ტარიფებით დაბეგრავს ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებს.

ევროპის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო ახალ კანონს, რომლის შესაბამისადაც, გაზრდილი ტარიფებით დაიბეგრება 2.8 მილიარდი ევროს (3.2 მილიარდი დოლარის) ღირებულების ამერიკული იმპორტი. მათ შორისაა ფოლადის და ალუმინის ნაწარმი, სასოფლო პროდუქტები, როგორებიცაა სიმინდი და არაქისი, ბურბონი, ვისკი, ჯინსი და მოტოციკლები.

„ჩვენ არ გვსურდა, ამ სიტუაციაში ვყოფილიყავით“, - ამბობს ევროკავშირის ვაჭრობის სფეროს კომისიონერი სესილია მალმსტრომი და დასძენს, რომ ევროკავშირს ამ ნაბიჯისკენ შეერთებული შტატების „ცალმხრივმა და გაუაზრებელმა“ გადაწყვეტილებამ უბიძგა.

მალმსტრომმა ევროკავშირს პროპორციული პასუხების გაცემისკენ მოუწოდა, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი იქნება. ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ ახალი ტარიფები მაშინვე გაუქმდება, როგორც კი ვაშინგტონი ფოლადსა და ალუმინზე შემოღებულ გაზრდილ ტარიფებს გააუქმებს. ცნობისათვის, ახალი ტარიფების გამო, ევროპიდან იმპორტირებული ფოლადის და ალუმინის ნაწარმი ჯამში 6.4 მილიარდი ევროთი გაძვირდება.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ ფოლადზე 25, ალუმინზე კი 10-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. ამის პასუხად, კანადა 16.6 მილიარდი კანადური დოლარის (12.5 ამერიკული დოლარი) ამერიკულ იმპორტს, გაზრდილი ტარიფებით 1-ლი ივლისიდან დაბეგრავს. მექსიკამ კი ამერიკულ საქონლზე (მათ შორის ფოლადის ნაწარმზე, ღორის ხორცსა და ბურბონზე) ახალი ტარიფები უკვე დააწესა.

ევროპის საპასუხო ნაბიჯით მეტწილად იმ ამერიკულ საქონელზე იზრდება ტარიფები, რომლებსაც რესპუბლიკელების მხარდამჭერ შტატებში აწარმოებენ. ნოემბერში კონგრესის არჩევნებია და რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ ორივე პალატაში უმრავლესობას შეინარჩუნებენ.

ახალი ტარიფების გარდა, ევროკავშირს მომზადებული აქვს 3.6 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკული საქონლის სია, რომლებზეც ტარიფებს საჭიროების შემთხვევაში, 10-დან 50 პროცენტამდე გაზრდის.