თუ სესხი არის უზრუნველყოფილი, ანუ კონკრეტული ქონებაა ამაში ჩადებული და მსესხებელმა ვერ მოახერხა სესხის გადახდა, ბუნებრივია არ უნდა ჰქონდეს უფლება კრედიტორს სხვა ქონებაზე გადავიდეს მისი მოთხოვნა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში უმრავლესობის წევრი დეპუტატის, დავით მათიკაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საფინანსო სექტორში სამართლიან თამაშის წესებს შეეხებოდა.
„თქვენ იცით ჩემი მოსაზრება ამ ძალიან მწვავე პრობლემასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის წყარო არის რამდენიმე, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის ძალიან უსამართლო წესები, რითაც ხდებოდა ეკონომიკური საქმიანობა ამ სექტორში. ჩვენ წარმოვადგინეთ შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში, რომელიც რამდენიმე პრინციპს ეყრდნობა. პირველი, ნახევრდება სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ის ჩამოდის 50%-ზე, წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის დღიურ ოდენობაზე და ის განისაზღვრება 0,27%-ით, რომელიც დაახლოებით წლიური 98% გამოდის და აღნიშნული ხარჯების საკომისიოები, სანქციების და ნებისმიერი ტიპის ჯარიმის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 150%-ისა.
მნიშვნელოვანია სიახლეა ის, რომ წესდება ლიმიტი სესხის გადაცილებისას მსესხებელზე დაკისრებული ნებისმიერი საკომისიოს პირგასამტეხლოს ან სხვა სახის ფინანსური ხარჯების ჯამურ ოდენობაზე და ის არ უნდა იყოს 1,5-ჯერ მეტი ძირი თანხის, იმ თანხისა, რაც არის დარჩენილი გადასახდელად.
მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ხელს უწყობს ლარიზაციის ღონისძიებებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, რომელიც არღვევდა ამ რეგულაციას და ახალი ინიციატივა ამას მნიშვნელოვანწილად დაარეგულირებს. ამასთან ერთად, იზღუდება ფიზიკურ პირებზე ე.წ. მევახშეებზე სატრანსპორტო საშუალებების ანუ უძრავი და მოძრავი ქონების ტრანზაქციების გაკეთება. თუ მათ აქვთ ამის სურვილი, შეუძლიათ მოექცნენ რეგულაციაში, რომელიც არის გაწერილი ეროვნული ბანკის მიერ და აწარმოონ ეს საქმიანობა ისე როგორც საჭიროა, გათვალისწინებულია კანონმდებლობით, დაცულია მომხმარებლის უფლებები და ინტერესები.
ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციაა ასევე ის, რომ თუ სესხი არის უზრუნველყოფილი, ანუ კონკრეტული ქონებაა ამაში ჩადებული, თუ მსესხებელმა ვერ მოახერხა სესხის გადახდა, ბუნებრივია არ უნდა ქონდეს უფლება კრედიტორს სხვა ქონებაზე გადავიდეს მისი მოთხოვნა, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო და არასამართლიანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.