ამერიკელი ჰიპ-ჰოპ მომღერალი ეიკონი აცხადებს, რომ აპირებს ააშენოს საკუთარი ქალაქი სენეგალში და ამავე ქვეყანაში შექმნას კრიპტოვალუტა.როგორც ინტერნეტ პორტალი The Verge იუწყება, საკუთარ გეგმებზე ეიკონმა საფრანგეთის ქალაქ კანში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“ განაცხადა.
მომღერლის განცხადებით, ქალაქში, რომელსაც ის დაარსებს, გამოიყენება ციფრული ვალუტა „ეიქოინი“(Akoin) როგორც გადახდის ძირითადი საშუალება. მისივე თქმით, ბლოკჩეინ ტექნოლოგია შესაძლოა, გახდეს ნამდვილი ხსნა აფრიკისთვის, ვინაიდან უსაფრთხოების გარანტიებისა და დაცულობის გამო აფრიკელები შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოყენებას ამ ტექნოლგიებში და არ იქნებიან დამოკიდებული ადგილობრივ ხელისუფლებებზე, რომლებიც ხელს უშლიან მათ განვითარებას.
ეიკონის განცხადებით, ქალაქის სახელი იქნება Akon Crypto City. მან პროექტს ნამდვილი „ვაკანდა“ უწოდა (ეს არის წარმოსახვითი ქალაქი აფრიკაში, რომელშიც ვითარდება მოვლენები „მარველების“ კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმში „შავი პანტერა“).
როგორც ცნობილია, ეიკონი, რომელიც ამერიკის ქალაქ სენტ ლუისში დაიბადა სენეგალური წარმოშობისაა და მან ბავშვობის დიდი ნაწილი სწორედ ამ აფრიკულ ქვეყანაში გაატარა.
კოკა კვირკველია