„მიხაილოვის საავადმყოფოს“ გაჭიანურებული საქმე - რატომ აგვიანებს სასამართლო ინვესტორისთვის სასამართლო განჩინების გადაცემას

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ყოფილი მფლობელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას უკვე 4 თვეზე მეტია ელოდება.როგორც „აღმას“ აღმასრულებელი დირექტორი გოგი უგრეხელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, განჩინების ჩაბარების შემდეგ სახელმწიფოსთან სამართლებრივ დავას გააგრძელებენ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

საქმე ეხება ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის არგუმენტით ყოფილ მფლობელს, კომპანია „აღმას“ ქონების ფლობაზე ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა.

მიხაილოვის სახელობის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია კომპანია „აღმამ" 2015 წლის დასაწყისში 4 მლნ აშშ დოლარად იყიდა. ინვესტორი ვალდებული იყო აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო, თუმცა იმავე წლის ბოლოს „აღმას“ ქონება ჩამოერთვა.

როგორც მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავდნენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის შემდეგაც ობიექტი კვლავ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა და ხელმეორედ უნდა გაყიდულიყო. ქონების მართვის სააგენტომ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, რაც „ამღამ“ სასამართლოში გაასაჩივრა. კომპანია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდა.

გოგი უგრეხელიძის განცხადებით, 2018 წლის 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიერ წარმოდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა რატომ და რა მიზეზით, ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელმა არ იცის, რადგან საქალაქო სასამართლოს განჩინება დღემდე არ ჩაბარებია.

„ჯერჯერობით სასამართლოს განჩინება არ ჩაგვბარებია, რომ დეტალურად ვნახოთ, ჩვენი სარჩელი რატომ არ დაკმაყოფილდა. ყოველდღე გვპირდებიან განჩინების ჩაბარებას, მაგრამ არ გვბარდება. განჩინების დაწერა მათთვის ასე ადვილი არ იქნება. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ამით არ დავკმაყოფილდებოდით და სააპელაციო სასამართლოში წავიდოდით. არ ვიცი, ამის გამო აჭიანურებენ განაჩენს თუ მართლა ბევრი საქმეები აქვთ სასამართლოში.

კორეელმა ინვესტორმა, რომელიც კომპანია „აღმას“ 100%-იანი წილის მფლობელია, ასიათასობით დოლარით იზარალა. ინვესტორს ფული უკვე დახარჯული აქვს, ასე ამ ფულს არავინ დაკარგავს და იბრძოლებს ბოლომდე. მაგრამ ცუდია, რომ ამ პროექტის კონცეფცია იცვლება, რაც იყო 3 წლის წინ, დღეს ბაზარზე სხვა რეალობაა“, - განაცხადა გოგი უგრეხელიძემ.

საქალაქო სასამართლოში განჩინების გადაცემის დაგვიანების მიზეზად კი სასამართლოს გადატვირთულობას ასახელებენ. „სასამართლოში ძალიან ბევრი საქმეა და ამიტომაც გაჭიანურდა განჩინების გადაცემა. „აღმას“ განჩინება უახლოეს მომავალში ჩაბარდება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საქალაქო სასამართლოში.

შეგასხენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გოგი უგრეხელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმ დეტალებზე საუბრობდა, რის გამოც ინვესტორს ვალდებულებების შესრულებაში ხელი შეეშალა. მისი განცხადებით, ხელშეკრულების დადების შედეგად, ვალდებულება გააჩნდა, როგორც კომპანია „აღმას“, ასევე ქონების ეროვნულ სააგენტო, მისივე თქმით, ქონების მართვის სააგენტომ პირველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

მაშინ ქონების ეროვნულ სააგენტოში „აღმას“ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს. „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფოს არ დაურღვევია. კომპანია „აღმასთვის“ ქონების ჩამორთმევის საფუძველი ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, მათ შორის, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა და საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობა გახდა. ამ ეტაპზე, სანამ სასამართლო დავა არ დასრულდება, ქონების ხელმეორედ გაყიდვა ვერ მოხერხდება“, - აცხადებდნენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ელზა წიკლაური