”საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 72%-ით გაიზარდა”

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 72%-ით გაიზარდა და ეს რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას წელს დაგეგმილი აქვს, რომ ეკონომიკის ზრდა იყოს მინიმუმ 5%, თუმცა მთავრობა ელოდება, რომ ეს ზრდა იქნება მინიმუმ 6,3%.

"ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა იყო ექსპორტში, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 72%-ით არის გაზრდილი, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც მანამდე არ დაფიქსირებულა. საქართველოს ძალიან სერიოზული ზრდა აქვს რუსეთის ბაზარზეც ექსპორტის კუთხით. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 914 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა გასულ წელს", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა პროექტზე "აწარმოე საქართველოში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი მართლაც ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროექტის მიზანია, რომ გაჩერებული წარმოება ყველა რეგიონსა და ყველა რაიონში ამუშავდეს.