ტყიბულში, 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით ჩატარდა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი იმ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების კვლევა 23-26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდა.
„მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები, შესრულდა სამთო გამონამუშევრებისა და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ავარიული უბნის შესწავლა. მოკვლევის შედეგად მომზადდა 21 გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევარებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში გარკვეული დოკუმენტების არ არსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან, კონსულტაციური შეხვედრების მიმდინარეობის დროს და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით. მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშით იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში. კვლევის პროცესის დასრულების მომენტისთვის არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, რომელთა საბოლოო დადგენა და მომხდარის ზუსტი მიზეზების გამოკვეთა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივად რჩება, რადგან ცვლის უფროსის ჩანაწერებთან, ტექნიკურ და სამედიცინო დასკვნებთან, ასევე სხვა ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან წვდომა საგამოძიებო ორგანოებს აქვთ“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
პროფკავშირების ინფორმაციით, როგორც ირკვევა, ნახშირმომპოვებელ უბანზე ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. ავარიის შემდეგ კი უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა.
„გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება, ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას. მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა რეკომენდაციით ნახშირის მომპოვებელ შახტებზე, გარდა მეთანის და სხვა აირების ეპიზოდური ინდიკაციის ტექნიკური საშუალებებისა, უნდა არსებობდეს აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე უნდა არსებობდეს საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ასევე აუცილებელია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს დისპეჩერისა და ცვლის პერსონალის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩაწერა. მომხდარი საწარმო შემთხვევის შემდეგ, კონკრეტულად შემთხვევის ადგილიდან ხმოვანი და ტექნიკური ინფორმაციის მიღების მიზნით, კარგი იქნებოდა ზოგიერთი უცხოური პრაქტიკის გაზიარება და ე.წ. ,,მეხსიერების მყარი ყუთების“ დამონტაჟება მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების ადგილებში. ყოველივე ზემოთქმულის შესაბამისად შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებად, არა ნახშირის მოპოვების შეჩერება და საწარმოს დახურვა, არამედ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის და სამუშაოთა წარმოებისთვის აუცილებელი მკაცრი დისციპლინის დანერგვა უნდა განიხილებოდეს“, - ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.
ექსპერტებმა შახტის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა ნაწილის შესრულებაც კომპანიამ, პროფკაციშრების ინფორმაციით, უკვე დაიწყო - დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების პროცესში დასაქმებულთა გადაადგილების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ექსპერტთა რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს შრომის უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრებას და სტანდარტების გაძლიერებას.
პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის ტყიბულის სოციალური ალტერნატიული განვითარების გეგმის შემუშავებას და შახტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნვას.