რა რეგულაციები უნდა დაწესდეს კრიპტოვალუტების ბაზარზე - სპეციალისტების რჩევები და მსოფლიო გამოცდილება

საქართველოში კრიპტოვალუტების ბიზნესში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება.ამ სფეროს მიმზიდველს ისიც ხდის, რომ საქართველოში კრიპტო ინდუსტრიაში არანაირი რეგულაცია არ არსებობს.

ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი, რიპლი - მსოფლიოში უკვე ათასზე მეტი სახეობის ვირტუალური ფული არსებობს და ჩანს, კიდევ ბევრი შეიქმნება. ამასთან, უკვე ქართული ვირტუალური ფულიც არსებობს.

ეროვნული ბანკი კი გვაფრთხილებს, რომ ვირტუალური ვალუტა გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენს, მისი რეგულირების სფეროში არ შედის და შედეგებზეც, რაც შესაძლოა, კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდებას მოჰყვეს, პასუხისმგებლობას იხსნის.

ქართველ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია კრიპტო ბიზნესში ინვესტიცია ჩადოს და მოგება მიიღოს. სანაცვლოდ კი მას არანაირი ვალებულება არ ეხება.

უნდა რეგულირდებოდეს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული სფერო და რას ფიქრობენ ამ საკითხზე სპეციალისტები. 20 ივნისს თბილისში გამართულ Blockchain & Bitcoin საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოში კრიპტობიზნესის რეგულირების საკითხი იყო.

ბიტკოინ-ენთუზიასტი, მაინერი შოთა სირაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ სფეროს რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროა სწორი რეგულაციის მიღება.

„ჩვენთვის ცნობიერების არქონა ყველაზე დიდი პრობლემაა. მსგავსი კონფერენციები სწორედ ამ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ასეთი შეხვედრები კი ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდეს.

რაც შეეხება რეგულაციას, მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეგულაცია იქნება აქ. ცუდი რეგულაციის შემთხვევაში ჩვენ ავდგებით და სხვა ქვეყანაში წავალთ. საბოლოო ჯამში, ყველა ვთანხმდებით, რომ რეგულაციები საჭიროა. გვირჩევნია გადავიხადოთ გადასახადი და მშვიდად ვიყოთ, ვიდრე არ გადავიხადოთ და არ ვიცოდეთ რა მოხდება.

საუბარია დაბეგვრის რამდენიმე ვარიანტზე. ერთია როდესაც კრიპტოვალუტას ქეშში ცვლით და მოგება იბეგრება. თუმცა ამ შემთხვევაში მომხმარებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად აჩვენებს რა თანხას ცვლის. მეორე ვარიანტი იყო ელექტროენერგიის მოცულობის დაბეგვრა. მესამე ვარიანტი ეხება კრიპტოვალუტების ფინანსების აღიცხვას, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია. აქამდე რაც ხდებოდა ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო იყო. ახლა საჭიროა რეგულაცია, რათა სრული განუკითხაობა არ მივიღოთ. ეს არც ერთ მხარეს არ აწყობს.“ - აღნიშნა სირაძემ.

საქართველოსგან განსხვავებით სხვა ქვეყნებში კრიპტოვალუტის ბიზნესში გარკვეული რეგულაციების შემოღება უკვე დაიწყეს. ბლოკჩეინის სისტემების ინსტიტუტის დამფუძნებელი, დავით კიზირია „ბიზნესპრესნიუსთან“ გერმანიის მოდელს განიხილავს და თვლის, რომ საქართველოში სწორედ ეს მოდელი უნდა დაინერგოს.

„ჩვენი ვარიანტია, რომ ორიენტირი გავაკეთოთ გერმანიის ფედერაციის მოდელზე, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს გაზიარებული იქნება ევრობანკისა დ ევროკავშირის ქვეყნების მიერ და შესაბამისად, ეს მნიშვენლოვანი იქნება ჩვენთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა აღიარებული იქნება როგორც გადახდის საშუალება, ანუ თუ ორი ადამიანი ერთმანეთში გადაწყვეტს, რომ რომელიღაც კრიპტოვალუტით ვაჭრობა შეუძლიათ, გამყიდველმა უნდა მიუთითოს გადახდის ფასი ეროვნულ ვალუტაში. მაგალითად, ამბობს, რომ რაღაც თუ ღირს 10 ლარი, ვწერთ ლარში, ოღონდ თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ კრიპტოში, ექვივალენტით, კურსის შესაბამისად და გადამხდელს აქვს ვალდებულება, შეინახოს ინფორმაცია, მტკიცებულებად იმისა, იმ დროისათვის, რამდენი იყო კურსი. ეს საგადასახადო მიზნებისათვის არის აუცილებელი, ამაში კი არაფერი არაა ძალიან რთული, ეს ძალიან წაახალისებს ამ ინდუსტრიას.“ - განაცხადა კიზირიამ.

პირველი ქართული ვირტუალური ვალუტის Golden Fleece შემქმნელი, ვახტანგ გოგოხია „ბიზნესპრესნიუსთან“ სხვა ქვეყნის გამოცდილებასა და რეგულაციებზე საუბრობს.

„იაპონია პირველი იყო, რომელმაც 2017 წლის აპრილში კრიპტოვალუტა როგორც გადახდის საშუალებად აღიარა. გარკვეული საკანონდებლო ჩარჩოები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. მაგალითად, ამერიკაში მოგება დაბეგვრადია, თუმცა უარყოფითი შედეგები ჰქონდათ, რადგან მათი აღრიცხვა რთულია. ხოლო მალტამ, ბელორუსმა ეს სფერო ყველანაირი გადასახადებისგან გაათავისუფლა. შარშან ჩინეთმა, როდესაც ქვეყანაში დიდი ბუმი იყო და არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების საფრთხე შეიქმნა, საერთოდ აკრძალა. ახლა კანონდებლობაზე მუშაობს, რომელიც კრიპტოვალუტას გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს.

ამ ეტაპზე ჩვენ სხვების გამოცდილებას ველოდებით, ასეთი ჩვენი მთავრობის მიდგომა. საუბარი იყო შემოსავლის აღიცხვაზე, რაც საკმაოდ რთულია. ამერიკამ სცადა და არ გამოსდის. აქედან ყველაზე მარტივი ელექტროენერგიის ტარიფის დაბეგვრა იქნება, მაგრამ 100 %-იანი გარანტი მანდაც არ არის.“ - აღნიშნა გოგოხიამ.

აღსანიშნავია რომ საქართველო ბიტკოინის მაინების რაოდენობით ჩინეთისა და აშშ-ს შემდეგ მსოფლიო სამეულშია.

ლიკა ამირაშვილი