ამერიკული კომპანია The Walt Disney Company მზადაა გადაიხადოს 71,3 მილიარდი დოლარი ჰოლდინგ 21st Century Fox-ის აქტივების შესაძენად, რომელზეც ასევე პრეტენდენტია სატელეკომუნიკაციო კონგლომერატი Comcast-ი.ამის შესახებ Disney-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.
Disney-სა და Comcast-ს შორის Fox-ის აქტივებზე კონკურენცია 2017 წელს დაიწყო. Disney-მ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა, რომ მზადაა გადაიხადოს ამ შენაძენში 52,4 მილიარდი დოლარი და ამ თანხის გადახდა იგეგმებოდა აქციების სახით. გასულ კვირას კი Comcast-მა განაცხადა, რომ გადაიხდიდა 65 მილიარდს არა მხოლოდ აქციებით.
Disney-ის ახალ განცხადებაში კომპანიის ხელმძღვანელი რობერტ აიგერი ხაზს უსვამს, რომ ეს შენაძენი ორივე კომპანიის აქციონერს ფინანსურ მოგებას მოუტანდა. მან ასევე განაცხადა, რომ ინტეგრაციის დაგეგმვის ექვსი თვის შემდეგ კომპანიაში კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმი აქვთ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამასთან, 21st Century Fox-ს შეეძლება არჩევანის გაკეთება, გადახდა მოხდება აქციებით თუ ფულადი სახსრებით.
ამ დროისთვის 21st Century Fox რუპერტ მერდოკის კუთვნილებაა. როგორც ამერიკული პრესა წერს, აქტივების გაყიდვის შემდეგ, ის აპირებს დარჩენილი აქტივების გაერთიანებას მის კომპანიასთან News Corp-თან, რომელიც თავის მხრივ, ფლობს გამოცემა The Wall Street Journal-ს.
კოკა კვირკველია