კახა კალაძე - ქუჩის მუსიკოსებს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ

ჩვენი ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.თბილისის მერმა ჯგუფ „ბანთან“ დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ჯგუფიც მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა თავდაპირველად. მისი თქმით, ჯერ კიდევ მილანში ცხოვრებისას ჯგუფ „ბანის“ სიმღერა შემთხვევით youtube-ზე მოისმინა, რის შემდეგაც ჯგუფს ფინანსურად დაეხმარა.

„ჩვენი ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ამ მიმართულებით ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ - ფესტივალის გაკეთება გვინდა. მე არასდროს მისაუბრია ამაზე და მინდა ერთ თემას შევეხო. ალბათ იცით ჯგუფი „ბანი“. მისი წევრები ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. ისინი თავდაპირველად მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდნენ. მე მაშინ ფეხბურთს ვთამაშობდი და მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით youtube-ზე მათი სიმღერა ვნახე. იმდენად მომეწონა და დამაინტერესა, რომ როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე მომიწია ჩამოსვლა, მათაც შევხვდი. დავეხმარე ყველანაირად - ფინანსურად თუ ინსტრუმენტების შეძენით. ისინი გახდნენ წარმატებულები და დღესაც ჩემი საუკეთესო მეგრობრები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქუჩის მუსიკოსებს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ და ამ მიმართულების გაუმჯობესებას მერიის მხრიდან მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.

ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“. „ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ.