ელექტრომობილებზე და შესაბამისად, დამტენებზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება.როგორც კომპანია E-space-ის დირექტორი სულხან გვალია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყნის ავტოპარკს ყოველთვე 10-მდე ელექტრომობილი და 3-8 ელექტროდამტენი ემატება. ჯამში, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უკვე 1 100 ელექტრობილია, დამტენების რაოდენობა კი 52-ს შეადგენს.
ელექტროდამტენების ქვეყნის ფარგლებში დამონტაჟება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი გაიზარდა და შესაბამისად, მოიმატა საქართველოში ასეთი ტიპის ავტომანქანების რაოდენობამ. ამ დროისთვის დამტენებით სარგებლობა უფასოა, 2019 წლიდან კი ფასიანი გახდება. რა ეღირება ერთი ავტომანქანის დატენვა, ჯერჯერობით უცნობია, როგორც სულხან გვალია აცხადებს, დეტალები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამასთან, კომპანიის დირექტორი აცხადებს, ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში, დამტენების საერთო რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.
„საქართველოს მასშტაბით ჩვენს ქსელში სულ 52 დამტენია. აქედან ერთი არის სწრაფი დამტენი. თითქმის ყოველთვე ვამატებთ ხან 3-ს, ხან 8 დამტენს. ძირითადად ისეთ ადგილებს ვარჩევთ, სადაც ადამიანები ჩერდებიან, მაგალითად, სასტუმრო, კაფე, გაზგასამართი საგურები და ა.შ.
რაც შეეხება რეგიონებს, ელეტროდამტენები გვაქვს თბილისში, კახეთში, ქართლში, სამეგრელოში, ასევე, აჭარაში. ამათაგნ 60 % თბილისშია დამონტაჟებული, დანარჩენი - რეგონებში. ავტობანზე ერთი სწრაფი და 3 მეორე დონის დამტენია. იგეგმება კიდევ 5 სწრაფი დამტენის დამატება, ასევე ავტობანზე. რაც შეეხება მეორე დონის დამტენებს, იმედი გავქვს, რომ მოკლე დროში მათ რაოდენობას გავაორმაგებთ“, - აცხადებს სულხან გვალია.
მისი თქმით, 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე 1 100 ელექტრომობილია, მაშინ, როცა წელიწადნახევრის წინ სულ 50 იყო.
„ელექტრომობილებზე მოთხოვნა ძალიან აქტიურად იზრდება. ყოველთვე დაახლოებით, 10 ელექტრომანქანა ემატება“,-აცხადებს სულხან გვალია.
რაც შეეხება ელექტროდამტენების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას, E-space-ის დირექტორის თქმით, 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სულ 80 000 კილოვატი დაიხარჯა.
ნინი ქეთელაური