OPEC-მა ნავთობის მიწოდების გაზრდა გადაწყვიტა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) ვენაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ ივლისიდან მცირედით გაზარდოს ბაზარზე ნავთობის მიწოდება.კარგა ხანს, ამის წინააღმდეგ ირანი გამოდიოდა, მაგრამ ორგანიზაციის ლიდერმა საუდის არაბეთმა შეძლო მისი დაყოლიება.

OPEC-ი და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნები, გლობალურ ბაზარზე დღიური მიწოდების 1 მილიონი ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ. ეს კი მსოფლიო ბაზრის მთლიანი მოცულობის მხოლოდ 1 პროცენტია. ნავთობის უდიდესი მომხმარებლები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ მწარმოებლებს მიწოდება გაეზარდათ, რათა ფასის შემდგომი ზრდა შეეჩერებინათ.

შეთანხმების მიუხედავად, ბაზარზე მიწოდების რეალური ზრდა უფრო მცირე იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, საკუთარი კვოტით გათვალისწინებული მოცულობით მიწოდებას ვერ ახერხებს, უახლოეს მომავალში ამას ისევ ვერ შეძლებს.

OPEC-ს მიწოდების გაზრდას შეერთებული შტატები, ჩინეთი და ინდოეთი სთხოვდნენ. ისინი სწუხდნენ, რომ ნავთობის ფასების ზრდას, გლობალური ეკონომიკის განვითარების შეფერხება შეუძლია. წარმოების ზრდა აწყობდათ საუდის არაბეთს და რუსეთს, მაგრამ წინააღმდეგი იყო ირანი, რომელსაც ამერიკამ სანქციები განუახლა.

ირანი OPEC-ის მესამე უმსხვილესი ექსპორტიორი წევრია. ის ორგანიზაციას მოუწოდებდა, რომ უარეყო ამერიკის პრეზიდენტის მოწოდება და არ გაეზარდა მიწოდება. ირანი ირწმუნებოდა, რომ ნავთობზე ფასების ზრდა, თავად ტრამპის მიერ არის გამოწვეული, რომელმაც ირანის და ვენესუელასთვის სანქციების შემოღება გადაწყვიტა.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ ირანის სანქციების გამო, ამ ქვეყნის მიერ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება დაახლოებით მესამედით შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ OPEC-ის გადაწყვეტილებით, ირანი მინიმალურად იხეირებს. ყველაზე მეტად მოგებული კი საუდის არაბეთი დარჩება. ასე იყო თუ ისე, საუდეთის ენერგიის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა, მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ირანის ენერგიის მინისტრი ბიჯან ზანგანეს დაყოლიება შეძლო.

ამგვარად, ძალაში რჩება OPEC-ის წევრი და არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნების შეთანხმება, ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. 18 თვის განმავლობაში, შეზღუდვა 1.8 მილიონი ბარელი იყო. ივლისიდან მოყოლებული კი მხოლოდ 0.8 მილიონი ბარელი იქნება. საინტერესოა, რომ აღნიშნული შეზღუდვის გამო, 2016 წლიდან მოყოლებული, ნავთობის ფასი 27 დოლარიდან 75 დოლარამდე გაიზარდა.

ბოლო თვეებში შეზღუდვას ის გარემოება ზრდიდა, რომ ვენესუელაში, ლიბიაში და ანგოლაში ვერ ხერხდებოდა სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. ამის გამო, OPEC-ის შეზღუდვასთან ერთად, ხანდახან ბაზრის დანაკლისი დღეში 2.8 მილიონ ბარელსაც კი აღწევდა.