მთავრობამ სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი დაამტკიცა.როგორც მთავრობის 13 ივნისის დადგენილებაშია აღნიშნული, ამ წესის შესრულება ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისთვის არის სავალდებულო, რომლებიც სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციის მიზნით წარმოებას ან/და რეალიზაციას ახორციელებენ.
ამასთან, დადგენილების თანახმად, რეალიზაციისთვის გამიზნული სერტიფიცირებული თესლისა და სარგავი მასალის პარტიები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს ეტიკეტირებული და თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს შეესაბამებოდეს; ეტიკეტზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული თესლისა და სარგავი მასალის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ეტიკეტზე ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
„თესლისა და სარგავი მასალის ყოველი პარტია, რომელიც განკუთვნილია რეალიზაციისათვის, უნდა იყოს დაფასოებული ტარაში, რომელიც იქნება დალუქული. ტარას უნდა ჰქონდეს მიმაგრებული ეტიკეტი, რომელზეც დატანილი იქნება შესაბამისი ინფორმაცია სათესლე/სარგავი მასალის შესახებ. ასევე შესაძლებელია სარგავი მასალის (მრავალწლოვანი კულტურების) ცალობით რეალიზაცია, ამ წესის მოთხოვნების დაცვით.
საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციისას მწარმოებელი/რეალიზატორი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს თესლისა და სარგავი მასალის შესახებ აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია, კერძოდ: მწარმოებლის/რეალიზატორის დასახელება და მისამართი; კულტურის/კულტურათა ნარევების ქართული და ლათინური დასახელება; ჯიშის/ჰიბრიდის/მშობელი ფორმების/თესლის ნარევის სახელწოდება ან სინონიმი; პარტიის ნომერი; სერტიფიკატის ნომერი; თესლის/ნერგის კატეგორია; გასამრავლებელი მასალის სახე (თესლი, კალამი, კვირტი, ნერგი და ა. შ.); საძირის სახელწოდება და მყნობის წელი (ნერგის შემთხვევაში); თესლის აღმოცენების უნარი (%-ში); თესლის ანალიზური სიწმინდე (%-ში); თესლის 1000 მარცვლის მასა (გრ-ში); წონა ან/და მოცულობა ან/და რაოდენობა; თესლის პროცენტული შემადგენლობა (თესლის ნარევების შემთხვევაში); მოსავლის წელი; მწარმოებელი ქვეყანა; წარმოების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები (საჭიროების შემთხვევაში); ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატის სახელწოდება (მასალის დამუშავების შემთხვევაში); სერტიფიცირების ორგანოს სახელწოდება.
სხვადასხვა კატეგორიის სათესლე და სარგავი მასალის ეტიკეტის ფერი უნდა იყოს: წინასაბაზისო თესლის/სარგავი მასალის – თეთრი, დიაგონალზე იისფერი ზოლით; საბაზისო თესლის/სარგავი მასალის – თეთრი; სერტიფიცირებული თესლის I თაობა – ლურჯი; სერტიფიცირებული თესლის II თაობა – წითელი; სერტიფიცირებული კატეგორიის სარგავი მასალის – ლურჯი; თესლის ნარევების – ლურჯი, დიაგონალზე თეთრი ზოლით; სტანდარტული კატეგორიის სარგავი მასალის – ყვითელი,“-აღნიშნულია დადგენილებაში.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სერტიფიცირებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ან/და მათი ეტიკეტის გარეშე რეალიზაციისთვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება. კერძოდ, სერტიფიცირებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დარღვევა ან/და მათი ეტიკეტის გარეშე რეალიზაცია − გამოიწვევს 200 ლარით; 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი − 500 ლარით დაჯარიმებას.
ცნობისთვის, მთავრობის დადგენილება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.