ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და სამშენებლო კომპანია „რივას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.
„თბილისის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობა და ამ მხრივ, ქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ზღვის უბანში, ანაპისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, მზადაა, დაახლოებით 200 000 ლარამდე დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს და ნაძალადევის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს ინიციატივებს სხვა სამშენებლო კომპანიებიც გამოიჩენენ“, - განაცხადა ნაძალადევი რაიონის გამგებელმა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ატრაქციონები, საბაღე სკამები და დაირგვება მწვანე ნარგავები.