საჯარო რეესტრი მომხმარებლებს განახლებულ SMS-მომსახურებას სთავაზობს

მოქალაქეები ყადაღის/აკრძალვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა და გირავნობა/ლიზინგის სარეგისტრაციო განცხადებაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელსაც საჯარო რეესტრში განაცხადის შეტანისას მითითებული ექნება მობილური ტელეფონის ნომერი, სარეგისტრაციო წარმოების დასრულების, შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უმოკლეს დროში მიიღებს.

მოკლე ტექსტური შეტყობინებების უფასო სერვისით საქართველოში მოქმედი ყველა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტები ისარგებლებენ.

მომხმარებლისთვის კომფორტული მომსახურების შეთავაზების მიზნით, საჯარო რეესტრში მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი 2009 წელს ამოქმედდა. SMS მომსახურების ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებს აღარ სჭირდებოდათ განაცხადის მზადყოფნის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მისვლა ან დარეკვა. სიახლემ მოქალაქეებს დამატებითი კომფორტი შეუქმნა, ხოლო სააგენტოს მენეჯმენტს რესურსების ოპტიმალური განაწილება გაუადვილა.