„მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები"

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები.ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

ასევე, უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების (საჭის გადატანის) შემთხვევაში.

„ცნობისთვის, საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის გარკვეული გარდამავალი პერიოდი დაწესდა და ინსპექტირების მთელი პროცესი 2 წელზე გადანაწილდა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. გრაფიკი გაწერილია ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის.

დეტალური ინფორმაციის მიღება ტექნიკური ინსპექტირების პროცესისა და პირობების შესახებ შესაძლებელია ცხელ ხაზზე 1484“, - ნათქვამია ინფორმაციაში.