4 წლის განმავლობაში შიდა ფრენების სუბსიდირებაზე 49,67 მლნ ლარი დაიხარჯება

მომავალი 4 წლის განმავლობაში შიდა ავიარეისების სუბსიდირებისთვის 49,67 მილიონი ლარი დაიხარჯება.„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“  ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის შედეგად შეირჩევა ის კომპანია, რომელიც უწყების მიერ განსაზღვრულ მიმართულებებზე, მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანას მოემსახურება.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15-ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30-ადგილიანი საჰაერო ხომალდით. სულ კი 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით 2248 რეისი,

საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით კი 2487 რეისი უნდა შეასრულოს. რეისები შესრულდება მესტია - ქუთაისი - მესტია; ნატახტარი-მესტია - ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით.

ავიაბილეთების რეალიზაცია შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელდეს.  ტენდერში წინანდადებების წარდგენის ვადა 12 ივლისს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე შიდა რეისებს ასრულებს ავიაკომპანია „აკ -ეარ ჯორჯია“. მანამდე შიდა ფრენებს რამდენიმე კომპანია ახორციელებდა.