გარჩეული ბროწეული ჭიქაში - ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი დღეიდან გაიყიდება

დაჭრილი და შეფუთული კარტოფილის შემდეგ, ბაზარზე გარჩეული ბროწეული გამოჩნდა, რომელიც გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვა.როგორც მწარმოებელი კომპანია „უჯაფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, შეფუთული ბროწულის მასა 170- 190 გრამია, ღირებულება კი 5 ლარამდე.

მისივე თქმით, დაჭრილი კარტოფილისგან განსხვავებით, ბროწეული იმპორტირებულია და მისი შეძენა სუპერმარკეტებში იქნება შესაძლებელი.

„დავამატეთ გამზადებული ბროწული, რომელიც ერთჯერად ფრეშის ჭიქებშია და კოვზი მოჰყვება. კარტფილისგან განსხვავებით, ბროწეული თურქეთიდან და ირანიდანაა იმპორტირებული“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

მისივე თქმით, კომპანია „უჯაფო“კარტოფილისა და ბროწეულის მსგავსად მომხმარებლებს სექტემბერიდან სხვა პროდუქტებსაც შესთავაზებს, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„სექტემბრიდან კიდევ დაემატება ახალი პროდუქცია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ სახეობებს არ ვამბობთ. ხაზი იგივე იქნება, რაც კარტოფილისა და ბროწეულის შემთხვევაში“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „უჯაფო“ , ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც პროდუქტს ასეთი ფორმით უშვებს. ის დაახლოებით 1 წლის წინ ამუშავდა და პირველად გაუყინავი, დაჭრილი, შეფუთული ახალციხის კარტოფილი გამოუშვა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, პროექტში 30-40 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამშრომლების რაოდენობა კი ამ ეტაპზე ხუთია.

მისივე თქმით, მინიმუმ 6 თვე საწარმოს გაფართოვების საკითხი მათ გეგმებში არ შედის, ისევე, როგორც მაღაზიათა ქსელების დამატება.

„ჯერჯერობით ახლო გეგმებში საწარმოს გაფართოვება არ შედის. თუმცა, ზოგადად გვინდა, 6 თვის მერე ვნახოთ. ექსპორტზე გასვლასაც არ ვაპირებთ, რადგან ადგილობრივი ბაზრის ათვისება გვინდა. რაც შეეხება მაღაზიებს, აღარ დავიმატებთ, რადგან ჩვენი პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალშემოსავლიან ფენებზე, ხოლო სხვა მაღაზიები დაბალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი და უბრალოდ ვერ შეწვდებიან“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

ნინი ქეთელაური