"მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე უახლოეს მომავალში ახალი შეთავაზებები გაკეთდება"

მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე უახლოეს მომავალში ახალი შეთავაზებები გაკეთდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ტყემალაძე გამოეხმაურა დედაქალაქის მერის განცხადებას თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე. გიორგი ტყემალაძემ გაიხსენა რამდენიმე თვის წინ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები. მისი თქმით, დღეს უკვე ნათელია, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და აჟიოტაჟი, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ოპოზიციის მხრიდან პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი იყო პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს იყო მათი მხრიდან შეგნებულად, მიზანმიმართულად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ასევე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებითი შეთავაზებები იქნება წარმოდგენილი და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.