აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის პოპულარიზაციას.ამჯერად, სააგენტომ საქართველოში მოქმედი მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მაჭახელას ხეობის ტურისტული პროდუქტები გააცნო. ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში მოგზაურობა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან დაიწყეს, სადაც 4000-ზე მეტი ექსპონატით აჭარაა წარმოდგენილი. მუზეუმის შემდეგ ისინი სოფელ მირვეთს ესტუმრნენ, სადაც ულამაზესი ბზების ხეივანი, ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი დაათვალიერეს. მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ინფოტურის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის ტურისტული მარშრუტი გაიარეს, რომელიც გვარას ციხეს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქვემეხს, მაჭახელას თოფის მონუმენტს, ცხემლარას თაღოვან ხიდსა და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოიცავს. ისინი მაჭახელას ფოლკლორული გუნდის მიერ შესრულებულ ცეკვებსაც დაესწრნენ და საოჯახო-სასტუმრო სახლში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება/პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობს. დღემდე მთიან აჭარაში 15-მდე სხვადასხვა თემატიკის ტურისტული მარშრუტის განვითარება მოხდა, რომელთა პოპულარიზაციის მიზნით სააგენტომ ბოლო ორ წელში 700-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.