„ინსტაგრამში“ ვიდეოჩატის ფუნქცია გაჩნდა

სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გუშინ ახალი ფუნქცია ჩაეშვა, რომელიც მომხმარებლებს ვიდეოჩატის საშუალებას აძლევს.აპლიკაციას ასევე დაემატა თემატური არხები და ფოტოებისთვის განკუთვნილი ახალი ეფექტები.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ვიდეოზარის საშუალებით შესაძლებელი იქნება ურთიერთობა როგორც iOS, ასევე Android სისტემებზე, მობილური კავშირის გამოყენების გარეშე. ამასთან, ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს ჩატის განმავლობაში შეასრულონ სხვა დავალებები აპლიკაციაში. თავად ზარში კი ერთდროულად 4 პირის მონაწილეობაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ძიების ღილაკზე გამოჩნდება თემატური არხები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად იპოვონ სოციალურ ქსელში პოსტები, რომლებიც მათ ინტერესებს შეესაბამება. ფოტოების აპლიკაციაში კი დაგხვდებათ ახალი ფილტრები, რომლებიც შეიმუშავეს მომღერალმა არიანა გრანდემ, პორტალმა BuzzFeed-მა და NBA-იმ.

კოკა კვირკველია