პარლამენტმა პირველი მოსმენით ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა

“სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ფიზიკურ პირზე, მათ შორის ინდმეწარმეზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის საკითხებს არეგულირებს, დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი, რომელიც 100%-ის ფარგლებში იყო დაწესებული, 50%-მდე მცირდება. მისივე თქმით, არსებობს ლიმიტი ყველა სახის ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით და ის ჯამურად 150%-ის ფარგლებში განისაზღვრება. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, აღნიშნული ზღვარი 98.55%-მდე მცირდება, რაც ყოველდღიური 0.27%-ია.

ახალი ინიციატივა განსაზღვრავს, რომ ყველა ტიპის ფინანსური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენი თანხის 1.5 ოდენობას.

ცვლილებების თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებული იყოს სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ასევე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

ახალი ნორმით რეგულირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის გირავნობის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.

მსგავსი შინაარსის ცვლილებები შედის იპოთეკასთან მიმართებითაც. კერძოდ, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტებზე. ამასთან, გამონაკლისი დგინდება ასევე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ საცხოვრებელი მიზნით და იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით.

კანონს ემატება სპეციალური ნორმები, რომლებიც დაარეგულირებს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის იპოთეკის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხს.

“სამოქალაქო კოდექსში“ შედის ცვლილება, რომლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 ლარამდე ნივთის ფასის მიღება ფიზიკურ პირისაგან არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

რაც შეეხება ლიზინგს, ცვლილების თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის მთლიანი საზღაური არ აღემატება 100 000 ლარს, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს.