დღეს ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის დაკავებული სოფლის მეურნეობით და ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10 პროცენტიც კი არ არის. ეს დისპროპორციაა სწორედ, სიღარიბის მთავარი წყარო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სოფლის მეურნოების ხელშეწყობას შეეხებოდა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საჭიროა იმ მიდგომების მნიშვნელოვნად შეცვლა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობაში. „დღეს ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის დაკავებული სოფლის მეურნეობით და ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10 პროცენტიც კი არ არის. ეს დისპროპორციაა, სწორედ, სიღარიბის მთავარი წყარო. ეს ნიშნავს იმას, რომ გვჭირდება იმ მიდგომების მნიშვნელოვნად შეცვლა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობაში. ჩვენ მივიღეთ ეკონომიკური მოდელი, რომელიც ტოტალურადაა ორიენტირებული იმპორტზე და ეს არის ძალიან ცუდი მოდელი. არა იმიტომ, რომ თავისუფალი ვაჭრობა არ არის კარგი, არამედ იმიტომ, რომ ეს გარკვეულ არასამართლიან თამაშის წესებს უკავშირდება, რამაც გამოიწვია სოფლის მეურნეობის ასეთი დაკნინება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივაზე, რასაც მნიშვნელოვანი უწოდა. „გლეხი მიიღებს მეტ შემოსავალს, რადგან უფრო ძვირად გაყიდის ნატურალურ რძეს და მწარმოებელიც იქნება კმაყოფილი, ვინაიდან, რძის ფხვნილის ნაცვლად, რომელიც იმპორტირებულია, გამოიყენებს ადგილობრივ, ნატურალურ რძეს. ასეთი მიმართულება ძალიან ბევრია, სადაც საჭიროა შესაბამისი გადაწყვეტილებები და შესაბამისი საგადასახადო გარემოებების შექმნა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და სოფლის მეურნეობის წილის გაზრდის მიზნით საჭიროა ნატურალური მეურნეობიდან აქტიურ რეალურ ეკონომიკაზე გადასვლა, რათა სოფლის მოსახლეობას საშუალება მიეცეს, ჩაერთოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. პრემიერის განცხადებით, ეს უნდა გაკეთდეს მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული პროგრამებით. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა სამეგრელოს კლიმატის უნიკალურობაზე და აღნიშნა, რომ ის საშუალებას იძლევა ისეთი ტიპის კულტურების განვითარებისა, რომლის ხელოვნურად მოყვანაც სხვა ქვეყნებში თითქმის წარმოუდგენელია.