რომელ ქალაქებში იქნება შესაძლებელი მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ვინაიდან ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ფოთსა და ზუგდიდში მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.

„მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება ყველა იმ ქალაქში მოხდება, სადაც გამოცდებს კანდიდატები აქამდე აბარებდნენ. პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ვინაიდან ამ ქალაქებში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების, ასევე ასფალტის საფარის ცვლილებას ითვალისწინებს. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ კი, მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება - რეალურ მოძრაობასთან ერთად, გამოცდის ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე გავლაც მოუწევთ.