რა პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში?

ქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი 36,8% - სოციალური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით, ყველაზე ნაკლები - 1,9% კი - განათლების მიმართულებით სწავლობს.ამის შესახებ „აიფიემის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით 40 000 აბიტურიენტი აკეთებს არჩევანს, თუ რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება.

„საქართველოში სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება საშუალო განათლების შემდგომ სწავლის გაგრძელების ყველაზე მიღებული ფორმაა. შესაბამისად, როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მიხედვით, ქართველი სტუდენტები ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდები არიან. კერძოდ, კვლევის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანაში, სტუდენტების თითქმის ნახევარი 25 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. ქართველი სტუდენტებისთვის კი, საშუალო ასაკი 22 წელია. ქალი სტუდენტები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობას შეადგენენ. გამონაკლისი მხოლოდ თურქეთი და გერმანიაა,“- ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი - 36,8% სოციალური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს. პოპულარულია ასევე ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სამართლის და ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები, სადაც სტუდენტეთა შესაბამისად, 13,8% და 13,5% აგრძელებს სწავლას.

ყველაზე არაპოპულარული სფერო კი ქართველი სტუდენტებისთვის განათლებაა, რომელსაც ახალგაზრდების 1,9% ირჩევს. ამ სფეროში გენდერული ბალანსი ყველაზე დარღვეულია - განათლების მიმართულებით მამრობითი სქესის სტუდენტების უკიდურესად მცირე რაოდენობა სწავლობს.

bpn