2017 წლის თებერვლიდან დღემდე, „კრედიტინფოს“ ბაზაში უკვე 130-მდე ის არაკეთილსინდისიერი რითეილერია, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს კუთვნილ თანხას არ უხდის -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.
საუბარია მაღაზიების მეპატრონეებზე, ვინც სადისტრიბუციო კომპანიებიდან პროდუქცია ვალით აიღო, შემდეგ კი თანხის გადახდაზე უარი თქვა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ, არაკეთილსინდისიერი რითეილირებისთვის სპეციალური კანონპროექტი უნდა შემუშავდეს.
მისი თქმით, ერთი თვის წინ ყოფილ ფინანსთა და ამჟამად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაც შედგა, სადაც დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რასაც სადისტრიბუციო კომპანიები აწყდებიან.
„შეხვედრაზე დეტალურად გავიარეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს გვაწუხებს. ვიმედოვნებთ, რომ აწ უკვე პრემიერ-მინისტრი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ფინანსთა მინისტრი დაგვეხმარება, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ“,-აცხადებს ივა ჭყონია.
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ჯერჯერობით კონკრეტულ მოდელზე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა კანონპროექტზე მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს.
„როგორც კი პრემიერ-მინისტრი ჩამოყალიბდება და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. კონკრეტულ მოდელზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. ჩვენ უბრალოდ გვინდა შემუშავდეს ისეთი პროექტი, რომ არაკეთილსინდისიერი გადამხდელებისგან დაცული ვიყოთ სადისტრიბუციო კომპანიები“,- ამბობს ივა ჭყონია.
აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, არაკეთილსიდისერი რითეილირებისგან დისტრიბუტორების დაცვის მიზნით, „დისტრიბუტორთა ასოციაციასა“ და „კრედიტინფო საქართველოს“ შორის ხელშეკრულება, გასული წლის თებერვალში გაფორმდა.
წევრი კომპანიები „კრედიტინფოს“ ინფორმაციას იმ რითეილერების შესახებ აწვდიან, რომლებიც მათ ფულის გადახდას უგვიანებენ.
ივა ჭყონიას თქმით, „კრედიტინფოს“ ბაზაში ამ ეტაპზე დაახლოებით 130 ასეთი კომპანიაა შეყვანილი.
„კონკრეტულ შედეგებზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან სხვადასხვა კოპანიებია და რა შედეგები მოიტანა მათთან, მე ამ ინფორამციას არ ვფლობ. თუმცა, როდესაც რითეილირი „კრედიტინფოშია“ ატვირთული, თუ ვალს არ გადაიხდის, ოპერირების გაგრძელება ძალიან გაუჭირდება“,-აცხადებს ივა ჭყონია.
ნინი ქეთელაური