ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენტაძე დღეს, საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.
„დოკუმენტში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე“, -ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2018 წლის მაისში, საკომიტეტო ფორმატში მოისმინეს.