Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა

სააგენტო Bloomberg-მა მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის შედგენისას გამოიყენეს Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემები.თუმცა რეიტინგში არ მოხვდნენ მილიარდერები პირველ თაობაში და იმ ქონების მფლობელები, რომელსაც მხოლოდ ერთი მემკვიდრე ჰყავს. საერთო ჯამში, 15 ივნისის მონაცემებით მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახი 1,1 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობს.

რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა უოლტონების ოჯახი, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს მაღაზიათა ქსელს Walmart-ს ფლობს. ამ ოჯახის ქონება შეფასებულია 151 მილიარდ დოლარად. შემდგომ პოზიციაზე არიან კორპორაცია Koch Industries-ის დამფუძნებლის ფრედ კოხის შვილები ჩარლზი და დევიდი, რომლებიც ერთობლივად ფლობენ 90 მილიარდ ქონებას. მესამე ადგილზე კი არიან ფრენკ მარსის მემკვიდრეები, რომელიც გახლავთ კონცერნ Mars-ის დამფუძნებელი, მათი ქონება 88 მილიარდად არის შეფასებული.

რეიტინგის მეოთხე ადგილზეა რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ფლობენ მსოფლიოში უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიას Anheuser-Busch InBev და რომელთა საერთო ქონება შეადგენს 54 მილიარდ დოლარს. ხუთეულს ასრულებს მოდის სახლ Hermеs-ის დამფუძნებლების ოჯახი, რომელთა საერთო ქონება შეფასებულია 49 მილიარდ დოლარად.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ვერტეიმერის ფრანგული ოჯახი, რომელთა კუთვნილებაშია Chanel-ი და შესაბამისად 45,6 მილიარდის ქონება, Reliance Industries-ის მფლობელი ინდური ოჯახი ამბანი - ჯამში 43,4 მილიარდის ქონებით, გერმანული კვანდტების ოჯახი, რომელიც ფლობს BMW-ს და 42,7 მილიარდს, ამერიკული კარგილის ოჯახი კომპანიით Cargill და 42,3 მილიარდით და გერმანული ბაუმბახებისა და ბიორინგერის ოჯახები, რომლებიც ფლობენ ფარმაცევტულ კომპანია Boehringer Ingelheim-ს და 42,2 მილიარდიან ქონებას.

კოკა კვირკველია