„მოქნილი გაცვლითი კურსისა და ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, გაიზარდა შემოსავლები საქონლის ექსპორტიდან და განსაკუთრებით, ტურიზმიდან"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მოქნილი გაცვლითი კურსისა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, გაიზარდა შემოსავლები საქონლის ექსპორტიდან და განსაკუთრებით, ტურიზმიდან.ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წელი საგარეო ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით დადებითი ტენდენციებით გამოირჩეოდა.

“შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის 12.8 პროცენტიდან 2017 წელს 8.7 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოქნილი გაცვლითი კურსისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, გაიზარდა შემოსავლები საქონლის ექსპორტიდან და, განსაკუთრებით, ტურიზმიდან. ეს, შესაბამისად, აისახება როგორც ადგილობრივი კომპანიების, ასევე მათ მიერ დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც, თავისთავად, გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე შემცირებაში აისახება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ბოლო 10 წლის მანძილზე საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს აღწევდა, 2017 წლის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგო ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა წარმატების მაგალითად სარეიტინგო კომპანია „მუდისის“ კვლევა და მისი შედეგები მოიყვანა.

“გასული წლის სექტემბერში სარეიტინგო სააგენტო „მუდისმა“ საქართველოს რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაზარდა, რაც ძირითადად გაუმჯობესებულ მაკრეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ გარემოს უკავშირდებოდა. მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება 2011 წლის შემდეგ არ მომხდარა. რეიტინგი, ეკონომიკური და ფინანსურის გარდა, ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალური, ინსტიტუციონალური, სოციალური და პოლიტიკური მხარეების შეფასებას. აქედან გამომდინარე, რეიტინგის მატება, ზოგადად, ქვეყნის წინსვლის აღიარებაა, რაც, მათ შორის, რისკების და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაზე და შესაბამისად, საინვესტიციო მიმზიდველობაზე დადებითად მოქმედებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.