ქონებრივ-სამართლებრივი დავის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების წესში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს.აღნიშნულს გულისხმობს მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
შეგახსენებთ, რომ არსებული, მოქმედი წესით, ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს აღემატება.
საკანონმდებლო წინადადებების თანახმად კი, სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლს ემატება ახალი ნაწილი, რომლითაც, სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები თუ საგნის ღირებულება 2 ათას ლარს არ აღემატება.
სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ: 1 - დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს; 2 - დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, მაგრამ თუ აპელანტი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს, სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.