ფასების არასტაბილურობა და ინფლაცია 2017 წელს ეროვნული ბანკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის წარგენისას.
მისი თქმით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წელს 4 %-ზე დაიგეგმა, თუმცა, წლიურმა საშუალო დონემ 6.7%-ს მიაღწია, ცალკეულ თვეებში კი 7%-საც კი გადააჭარბა.
„გასაგებია, რომ ეროვნული ბანკი ორიენტირებულია საშუალოვადიან პერსპექტივებზე და თქვენი რეაგირებები, ეკონომიკური თვალსაზრისით, ადეკვატური იყო, მაგრამ მინდა, გაითვალისწინოთ, რომ ინფლაცია პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და მათ ყოველდღიურობას, ეს ყველაფერი მოსახლეობის ფართო ფენებს ტვირთად დააწვა, განსაკუთრებით კი მის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის უფრო ოპერატიული და ქმედითი უნდა გახდეს ამ მიმართულებით “, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
თუმცა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს წლიური ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შესუსტდა და მაისში 2,5% შეადგინა.