საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაჩვენებლის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ უკვე განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული.
„რამდენიმე წუთის წინ, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს. ასეთი მაჩვენებელი იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ეს ასევე იმის დადასტურებაა, რომ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებიც დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც არის გაუმჯობესებული. პირველ რიგში, უნდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი, ეს სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.