საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.5 მლრდ აშშ დოლარი (42.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5 პროცენტია.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 238.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო, ვალი 21.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 57.0 და 9.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (17.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.5 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 297.7 მლნ აშშ დოლარი (718.8 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 824.5 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი) და 892.2 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.7 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი (9.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.3 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.6 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.6 მლრდ აშშ დოლარი (25.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.4 მლრდ აშშ დოლარია (10.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.8 პროცენტია.
2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 6.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 0.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2018 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 297.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 209.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.