სოსო არჩვაძე: „ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ბიზნესის მიმართ ხელისუფლების კეთილგანწყობამ მოახდინა“

„ბიზნესის მიმართ ხელისუფლების კეთილგანწყობამ, იმ საკანონმდებლო ინიციატივებმა, რომელიც უკავშირდებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, საგადასახადო შეღავათებმა, ეკონომიკურ ზრდაზე თავისთავად იქონია გავლენა“- ასე ეხმაურება ეკონომიკის დოქტორი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა კი „საქსტატის“ ცნობით, 6,1 პროცენტი იყო.

როგორც სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მშპ-ს ასეთი მაღალი ზრდის მაჩვენებელი 10 წელიწადზე მეტია არ დაფიქსირებულა.

„ბოლოს ყველაზე მაღალი ორნიშნა ზრდა, 10%-ზე უფრო მაღალი იყო 2007 წელს, თუმცა ეს იყო წლიური ეკონომიკური მაჩვენებელი.

ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი, რომ გვქონდეს ორნიშნა ან მასთან მაქსიმალურად მიახლოვებული მაჩვენებელი. ჩვენ ისეთი ვარდნა გვქონდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს, რომ ამის გამოსწორებას სტაბილური მაღალი ტემპები სჭირდება“,- აცხადებს სოსო არჩვაძე.

ეკონომიკურ მაჩვენებლის ზრდას სტატისტიკოსი ხელისუფლების მიერ გადადმულ ნაბიჯებს უკავშირებს, რამაც, მისი თქმით, ბიზნესს სტიმული მისცა.

„ბიზნესის მიმართ ხელისუფლების კეთილგანწყობამ, იმ საკანონმდებლო ინიციატივებმა, რომელიც უკავშირდებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, საგადასახადო შეღავათებმა, თავისთავად ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა იქონია. ასეთი მიდგომა ბიზნესმენებში ქმნის ოპტიმიზმის მოლოდინს, რაც მათთვის სტიმულია. როგორც ახალმა პრემიერმა განაცხადა, საჭიროა ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავება. მე ვფიქრობ, ეს კოდექსიც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ. ეს ყველაფერი ქმნის დადებით მოლოდინს, რომ ბიზნესმა იზრუნოს, როგორც საკუთარი საქმიანობის წინსვლაზე, ისე ქვეყნის საერთო ეკონომიკურ ზრდაზე“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

კითხვაზე, ეკონომიკური ზრდა რატომ არ აისახა მოსახლეობაზე, ეკონომიკის დოქტორი ამბობს, რომ ერთია ეკონომიკური ზრდა და მეორე, მისი კავშირი მოსახლეობის კეთილდღეობასთან.

„ეკონომიკა იზრდება ვაჭრობის ან ტრანსპორტში სფეროში, სოფლის მეურნეობაში კი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმეული - არა, მეტიც, აქ შემცირებას აქვს ადგილი. ასეთ შემთხვევაში კი ამ ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ნინი ქეთელაური