დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, აღნიშნულ ქუჩებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მუშაობას უზრუნველყოფს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობა განიტვირთება და ტრანსპორტის გადაადგილების დრო შემცირდება.პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კი კვანძის მშენებლობაზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა, პირველად პროექტში ცვლილებები მოხდა, დროის კუთხით მშენებლობა არ შეფერხებულა და მისი დასრულება სექტემბერში იგეგმება.
“ამ კონკრეტულ მონაკვეთზე საცობის პრობლემა იქმნებოდა და ამდენად, ამ პროექტით ჩვენ მოვახერხებთ პრობლემის აღმოფხვრას. გარდა ამისა, გარემო გამწვანებული, ნაკლები ბეტონით დატვირთული და ძალიან ლამაზი იქნება. სამუშაოების მეორე ეტაპზე კი თამარაშვილის კვანძის განტვირთვის პროექტის განხორციელება გვსურს. ამაზე უკვე კვლევა დავიწყეთ, ვნახოთ რას მოგვცემს მისი შედეგი,”- განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.