ზოგადად, მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ დღეს გამოაქვეყნა, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 7.5 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.3, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ზრდა 6.1 პროცენტია.
„2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, სადაც ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა დღგ-სთან მიმართებაში და ამან დამატებითი ბიძგი მისცა ზრდის ტემპის დაჩქარებას. ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც 19.9 პროცენტით (40.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“ , - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი; დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა; საფინანსო შუამავლობა; სასტუმროები და რესტორნები.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, 2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის მაისში საქონლის ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 323.3 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის 25.2 პროცენტით გაიზარდა და 803.4 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მაისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 19.9 პროცენტით (40.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.