როგორ ხდება საქართველოში ნავთობპროდუქტების საბაზრო ღირებულების ფასწარმოქმნა?

2017 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელი) იმპორტმა შეადგინა 1095,8 ათასი ტონა, რაც 133,8 ათასი ტონით ანუ 10.9 %-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.ნავთობპროდუქტების ძირითადი იმპორტი შავი ზღვიდან, საზღვაო გადაზიდვით ხორციელდება. ქვეყნების მიხედვით 2018 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა. რუსეთიდან 29,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30.4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის რუმინეთი 21 ათასი ტონა 21,7%, თურქმენეთი 19,2 ათასი ტონა 19,9%, აზერბაიჯანი 12,3 ათასი ტონა 12,7%, ბულგარეთი 9,7 ათასი ტონა - 10%, საბერძნეთი 5.1 ათასი ტონა 5.3%.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არის ორი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი. 1. შპს „გლობუსი“ (თბილისში სადგურ ველის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე ქარხანა), რომელიც ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას და 2. შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ (სოფელ მარტყოფში, ვაზიანის ტერიტორიაზე მდებარე ქარხანა), რომელიც აწარმოებს გადამუშავებას. ორივე საწარმოზე ლიცენზიები გაიცა 2015 წელს და განისაზღვრა 25 წლის ვადით. ქართველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამონაწილეობა მთლიან იმპორტთან მიმართებაში საშუალოდ 2%-ია. შესაბამისად, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი, 98%-ით დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ საწვავზე.

ნავთობპროდუქტების შესყიდვის ფასების განსაზღვრის საფუძვლად, კომპანიები იყენებენ S&P Global Platts-ის მიერ (შემდგომში პლატსი) გამოქვეყნებულ ყოველდღიურ პუბლიკაციებს. S&P Global-ის ნაწილი S&P Global Platts-ის სათაო ოფისი ლონდონშია, რომლის დაფარვის არეალი 1,000 თანამშრომლით მოიცავს 5 კონტინენტს. პლატსი უკვე 100 წელზე მეტია ინფორმაციისა და ანალიტიკის დამოუკიდებელი, ლიდერი მომწოდებელი ორგანიზაციაა გლობალური ბაზრებისთვის, რომლის დაფარვის არეალი მოიცავს ენერგეტიკისა და სასაქონლო ბაზრების მიმოხილვას, ანალიზს და საორიენტაციო ფასების დადგენას. პლატსის პუბლიკაციაში, ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგია ემყარება სავაჭრო დღის განმავლობაში შეგროვებულ და გამოქვეყნებულ მასალას, რომლის დამუშავება და გაანალიზება ხდება საბოლოო ფასის შეფასებისა და განსაზღვრისათვის.

საქართველოს კანონის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ მიხედვით, ნავთობის გადამუშავება არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნაფტა, მაზუთი, ბიტუმი, საავიაციო საწვავი) მიღების მიზნით. ამიტომ, ნავთობის როგორც მთავარი ნედლეულის ფასსა და დინამიკას, სხვა თანაბარ პირობებში (თუ არ ხდება კონკრეტულ რეგიონში, გარკვეულ პერიოდში ქარხნების რემონტის მიზნით დახურვა, ლოგისტიკური ბარიერების წარმოქმნა და სხვა პრობლემები), გავლენა აქვს ნავთობპროდუქტების ფასის ცვალებადობაზე.

მაგალითისთვის, განვიხილოთ ნავთობის ფასის ცვლილების გავლენა, პლატსის მიერ ნავთობპროდუქტებზე გამოქვეყნებულ ფასებზე. ნავთობის ფასი განისაზღვრება ბარელში. ბარელი დაახლოებით 159 ლიტრია. ერთი ტონა ნავთობის ფასის მისაღებად, ბარელი საშუალოდ მრავლდება 7,35-ზე. ხოლო ფაქტიური კოეფიციენტი, გამოითვლება კონკრეტული ნავთობის ხვედრითი წონის მიხედვით. Bloomberg-ის პლატფორმის მონაცემებით, 2017 წლის 1-24 ოქტომბრის მინიმალური ღირებულება ბრენტის ტიპის ნავთობზე 55,62$/ბარელი (408.8$/ტონა), ხოლო მაქსიმალური 58,40$/ბარელი (429,24/ტონა) დაფიქსირდა. საშუალოდ 5%-იანი ცვლილება. ხოლო პლატსის მიხედვით (S&P Global Platts European Marketscan, European Products ($/mt), FOB Med Italy)

2018 წლის 28 ივნისის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ფასები შემდეგნაირად დაფიქსირდა. დიზელზე (10ppm ULSD) 662,75$/ტონა; ბენზინზე (Prem Unl 10ppm) 727,25$/ტონა.

ზემოთ აღნიშნულ ფასწარმოქმნის ალგორითმში, გამოყენებული საბაზისო ფასი, აღებულია პლატსის ევროპული საწვავის ფასების, დიზელის (10ppm ULSD) და ბენზინის (Prem Unl 10ppm) 28 ივნისის პუბლიკაციის საფუძველზე. ასევე ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში იმპორტის ძირადი წილი რეგულარის ტიპის ბენზინზე (Gasoline RON-92) და ევრო დიზელზე (ULSD 10PPM) მოდის. ხოლო ბენზინების პრემიუმ RON-95 და სუპერის RON-98 შემთხვევაში, დამატებითი განხილვისათვის 2 ფუნქტში მოცემულ პრემიას უნდა დაემატოს 35-40$/ტონა 95 ოქტანობის პრემიუმ ბენზინზე, ხოლო 70-75$/ტონა 98 ოქტანობის სუპერ ბენზინზე.

იმისათვის, რომ განისაზღროს საქართველოში ჩამოტანილი საწვავის ფასწარმოქმნის ეკონომიკა, შევიმუშავე შემდეგი ალგორითმი:

bpn

შესაბამისად, ალგორითმის მიხედვით სავარაუდო მოგება, რომელსაც ბრენდირებული და არაბრენდირებული აგს-ის ოპერატორები ღებულობენ ძირითადი საწვავების რეალიზაციიდან არის 9-17 თეთრი 1 ლიტრზე.

ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნული მარჟა (სავარაუდო მოგება დაბეგვრამდე) არ შეიცავს დანახარჯებს და ფინანსურ ზარალს, რომელიც საწვავის ფასის ცვალებადობისგან არის გამოწვეული, ან რისკების დაზღვევა (ჰეჯირება) სჭირდება.

კომპანიებს, საკმაოდ რთულ ვითარებას, ვალუტის არასტაბილური გაცვლითი კურსი უქმნის. ვალუტის არასტაბილური კურსით გამოწვეული ფინანსური ზარალი რომ გავიგოთ ცალკე კვლევის ჩატარება მოგვიწევს.

ზემოთ აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს და საცალო მოვაჭრეებს არა აქვთ 71 თეთრიანი ფასნამატი, რომელიც მართლაც წარმოუდგენელია და ხშირად პოპულისტური ან პროპაგანდისტული განცხადებების საბაბი ხდება. ხოლო ის სავარაუდო მარჟა, რომელიც საბითუმო ან საცალო საწვავის რეალიზატორებს აქვთ, დაბეგვრამდე მოგებისთვის გათვალისწინებული, ხშირად ვალუტის კურსის არასტაბილურობის გამო სრულად, ან გაცილებით მეტად იკარგება. შესაბამისად, თუ მოკლე პერიოდში საბითუმო საწვავის რეალიზატორი ღებულობს მოგებას, გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული მოგება და შესაძლოა უფრო მეტიც, იკარგება ვალუტის კურსის არასტაბილურობისგან გამოწვეული ზარალის გამო. მოგებული მხოლოდ ვალუტის გადამცვლელი ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები რჩებიან, რომლებიც ბოლო წლებია ზემოგებაზე საუბრობენ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ინფლაცია პროგნოზირებადი იქნება და შემცირდება სპრედი (სხვაობა ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შორის), იმისათვის, რომ შემცირდეს კონვერტაციის შედეგად მიღებული ზარალი. ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ასეთი არასტაბილური მდგომარეობა უკვე ხუთი წელია გრძელდება, როდესაც ვალუტის არაპროგნოზირებადი ცვალებადობის გამო, იმპორტიორები სოლიდურ ზარალს ღებულობენ, მაგრამ რატომღაც აქტიურად არ განიხილება ეს საკითხი. აუცილებელია წამოიჭრას პრობლემები და მოიძებნოს გადაჭრის გზები, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს იმპორტიორების ფინანსური მდგომარეობა. არსებულ ვითარებაში, საუბარი ესტონური საგადასახადო მოდელის ბიზნესის მხარდაჭერაზე არასწორია. შესაძლო რეინვესტირების განხორციელების მიზნით, მოგების გადასახადის მოხსნის შედეგად გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა - ნულის ტოლია, თუ ბიზნესმა მოგება ვერ მიიღო. ანალოგიური ვითარება აქვთ ნებისმიერ სხვა სასაქონლო ნომენკლატურის იმპორტიორებს. ზემოთ აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, საქართველოში არსებული ბიზნესის რეალური მდგომარეობის სურათი წარმოგვიდგება, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბებს. 

ჩვენ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩავატარეთ მოკვლევა, რომ ვაჩვენეთ თუ როგორ ხდება საწვავის ფასის წარმოქმნა საქართველოში, სადაც ძირითადი ფაქტორი არის საერთაშორისო საბაზრო პოლიტიკა და ადგილობრივი გადასახადები წნეხი. სახელმწიფოს შეუძლია შეამციროს საგადასახადო წნეხი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საწვავის ღირებულება საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდეს, დღგ და აქციზის გადასახადის წილი ერთ ლიტრ საწვავზე შეადგენს 68 თეთრს ბენზინის შემთხვევაში, ხოლო 66 თეთრს დიზელის.

ვასო ურუშაძე

HUB Georgia