ქართული ლიზინგი სოფლის მეურნეობას ვერ ეხმარება

„ბანკები, ლიზინგის წარმომადგენელები  და ფერმერები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ”როგორც  მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება ცხადყოფს, ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის  ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და იაფი გამოსავალია, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა და გადამუშავების ინდუსტრიაში. თუმცა, საქართველოში სულ სხვა ვითარებაა. ევროპის ცენტრალური ბანკის სტატისტიკით, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის 34% მიმართავს ლიზინგს და „განვადებას“, როგორც ფიქსირებული აქტივების დაფინანსების საშუალებას. საქართველოში კი ეს ციფრი იმდენად უმნიშვნელოა, რომ არც ითვლიან.

ლიზინგის პროდუქტის სიძვირე და დაბალი ცნობადობა ამ მომსახურების განვითარებას აფერხებს. ქართული სალიზინგო კომპანიებს საბანკო სექტორთან და სახელმწიფოსთან კონკურენციაც უჭირთ. ისინი სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული პოლიტიკის  ნაკლებობაზეც მიუთითებენ.  მათი აზრით, სწორედ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, ვერცერთმა სალიზინგო კომპანიამ, ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარე შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ერთი კლიენტის აყვანაც კი ვერ შეძლო, არადა  პროექტი თავისი არსით, სწორედ ლიზინგზეა მორგებული, რადგან აქცენტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებზე კეთდება, რაც ხანგრძლივ ინვესტიციებს საჭიროებს. ლიზინგი, მისი კლასიკური გაგებით, 5-10 წელზეა გათვლილი და გრძელვადიანი ინვესტიციისთვის მიზანშეწონილ პროდუქტად მიიჩნევა, განსხვავებით საბანკო სესხისაგან, რომელიც მოკლევადიან ინვესტიციას გულისხმობს. როგორც ლია ელიავა, ფინანსური ბაზრის  ექსპერტი აღნიშნავს, განვითარებულ ქვეყნებში ბანკები ბიზნესსესხებს ხელმომჭირნედ იძლევიან და ამ ფუნქციას სწორედ სალიზინგო კომპანიები ითავსებენ. წარმოების განვითარება დიდწილად სწორედ ლიზინგზეა დამოკიდებული, რადგან საბანკო სესხისაგნ განსხვავებით, ლიზინგი მეწარმეებს მხოლოდ ფინანსებით კი არ ეხმარება, არამედ პირველ რიგში  - გამოცდილებით და სერვისით.

როცა მეწარმეს საწარმოს ოპერირებისთვის დანადგარები სჭირდება, მათ შესაძენად ან სესხი უნდა აიღოს და ეს დანადგარები თავად მოიძიოს, შეისყიდოს და ჩამოიტანოს. შეუძლია ასევე მიმართოს სალიზინგო კომპანიას, რომელიც სასურველი მოწყობილობის შესაძენ თანხას მეწარმეს კი არ მისცემს, არამედ თავად შეიძენს და დამკვეთს მიაწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სალიზინგო კომპანია სრულად უზრუნველყოფს დანადგარების შეძენასა და ლოგისტიკას. გარდა ამისა, დანადგარის ექსპლუატაციის ვადებში, სალიზინგო კომპანია დანადგარების მონიტორინგს და შეკეთებასაც უზრუნველყოფს. მეწარმე კი მიღებული პროდუქციის ფასს ეტაპობრივად გადაიხდის პროცენტის სახით, და როცა გადახდას დაასრულებს, აქვს არჩევანი - ტექნიკა ან საკუთრებაში აიღოს, ან ახალზე გადაცვალოს და ლიზინგი გააგრძელოს, ან კომპანიას დაუბრუნოს.

ასეთი მომსახურება მცირე საწარმოებისთვის ძალიან ხელსაყრელია, რადგან მათ არც შესაბამისი კადრი და არც გამოცდილება აქვთ, რომ სასურველი ტექნიკა სწორად შეარჩიონ, ლოგისტიკა განახორციელონ ან ტექნიკის მწარმოებლები სარფიან ფასდაკლებაზე დაითანხმონ - ეს ყველაფერი დიდი ბიზნესის ფუფუნებაა და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.

აგროკრედიტის  პროგრამა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო სახელმწიფოს ინიციატივით, რომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდორე დინებისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა. პროგრამა 7 კომპონენტისაგან შედგება და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ პროდუქტებზე დარიცხული პროცენტების თანადაფინანსებას გულისხმობს. ე.წ.  მეოთხე  კომპონენტი გადამუშავებაზე აკეთებს აქცენტს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებს  7 - წლიან კრედიტს, 30 ათასიდან - 600 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში 3%-იანი განაკვეთით სთავაზობს. რეალურად, სესხის საპროცენტო განაკვეთი საბაზრო 15-17%-ის ფარგლებშია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან  12%-იანი თანადაფინანსების გამო მეწარმისთვის 3%-ად არის ხელმისწვდომი. ეს პირობა ერთნაირია პროექტში ჩართული 13 ბანკისა და  საქართველოს მოქმედი სამი სალიზინგო კომპანიისთვის. ერთი წლის შედეგებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 70 ახალი გადამამუშავებელი საწარმო დაარსდა და 400 ძველი გადაირაღდა. საბანკო აგრარული სესხების პორტფელი 59 მილიონ ლარიდან 318 მილიონამდე გაიზარდა. სალიზინგო კომპანიებმა ერთი თეთრის მომსახურებაც ვერ გასცეს.  სალიზინგოები ორ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს ასახელებს: ერთი რომ ბანკებთან ერთ ჭერქვეშ სალიზინგოების ადგილი აღარ დარჩა, და მეორე - მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის დაფინანსების უფლება არა აქვთ. ამას ემატება დაბალი ცნობადობა, რომლის გამოც პოტენციური კლიენტების უმეტესობა ჯერ ბანკს მიმართავს.

„რომც გინდოდეს კომპანიის დაფინანება და ლიმიტშიც ჯდებოდეს,  პირობებზეც შეთანხმდე, ადგილზეც რომ მიხვიდე და შეეცადო და ამოკრიბო ინფორმაცია იმისთვის, რომ შეაფასო მისი ფინანსური მდგომარეობა ელემენტარულ დონეზე, არ არის,“ - განმარტავს სალომე ღუდუშაური, „თიბისი ლიზინგის“ სტრატეგიული პროექტების მენჯერი.

როგორც  აგრარულ სექტორში ინვეტიციებით დაკავებული კომპანიის AIDGEORGIA-ს დირექტორი, პოლ სინგჰი განმარტავს, მიწის დამუშავებისთვის საჭირო ტრაქტორს თუ სხვა ტექნიკას  ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მექანიზატორისგან“ იღებს და ასე იქცევა ფერმერების 80%.  თუმცა, მას არც ქართული სალიზინგოების შესახებ სმენია ბევრი. სინგჰი წალკაში კანოლას ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს, და საქონლის სახორცედ მოშენების უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ფერმის შექმნასაც აპირებს. საჭირო დანადგარებს კი იყიდის, რადგან მისი აზრით, საქართველოში  საბანკო სესხიც და ლიზინგიც იმდენად ძვირია, რომ ყიდვა უმჯობესია.  მაშინ, როცა როგორც  განვითარებულ, ისე განვითარების გზაზე მყოფ ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთსა და კანადაში, სადაც სინგჰი ხშირად მიმართავს ლიზინგს, საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 4-5%-ია.

სალიზინგოები კი სახელმწიფოს არათანმიმდევრულ პოლიტკას  უჩივიან და ბალტიისპირეთის მაგალითს სთავაზობენ, სადაც ძალიან გაწერილი პოლიტიკაა:  თითოეულ რეგიონში მოქმედებს სახლემწიფო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც იქ მოღვაწე ბიზნესსექტორის ფინანსურ აღრიცხვიანობას აწარმოებს და აწესრიგებს. ეს ინფორმაცია გადაეცემა როგორც საბანკო, ისე სალიზინგო კომპანიებს, რაც საქმეს ყველას უადვილებს.

„ბანკები, ლიზინგის წარმომადგენელები  და ფერმერები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, სამივეს განსხვავებული ხედვა აქვს, და ის ორგანიზაცია ბალტიისპირეთში რომ  მოქმედებს, ძალიან ეხმარება ფერმერებს და ფინანსურ სექტორს, რომ ერთმანეთს გაუგონ. ორგანიზაცია ემსახურება ფერმერების ცოდნის ამაღლებს, მათ არ იციან როგორ აწარმოონ ფინანსური აღრიცხვიანობა, ბალანსი როგორ გამოიყვანონ. შემდეგ კი, როცა საქმე დაფინანსებაზე მიდის, ასეთ ფერმერებთან ურთიერთობა მარტივია” - განმარტავს თიკო გობეჯიშვილი, „საქართველოს სალიზინგოს“ გენერალური დირექტორი.

პროექტში მონაწილეობის გაგრძლებას სალიზინგოები მხოლოდ იმ შემთხვევაში თვლიან მიზანშეწონილად, თუ ისინი მათი კონკურენტი ბანკებისაგან ცალკე ჭერს დაიკავებენ და დასაფინანსებლი პროდუქციის სიაც შეუზღუდავი იქნება.  ირაკლი მოისწრაფიშვილი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი, კი  სალიზინგოების წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ლიზინგის შესახებ დაბალ ცნობადობას ასახელებს, თუმცა მომავალში პირობების გადახედვას არ გამორიცხავს.

ნინო ფაცურია