როგორც სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს, - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას.მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მეორე მიმოხილვა დასრულდა წარმატებით.
„ამ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული ბანკის მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკას. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ გატარებული მონეტარული პოლიტიკა არსებული მდგომარეობის შესაბამისია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს ფასებზე მოქმედ ფაქტორებზე, ადგილობრივ ფინანსურ და მონეტარულ პირობებზე, საერთაშორისო ბაზრებზე და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება. მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია შენარჩუნდება მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა არის სწორად ორიენტირებული ფასების სტაბილურობაზე. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში წარმატებით ემსახურება საქართველოს. არსებითია მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს გაცვლითი კურსის მოქნილობის მხარდაჭერას. მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი წარმატებით ეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციური გარემოს მართვაში“, - განაცხადა გვენეტაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასება "შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების" ფარგლებში და ასევე, საქართველოში "დაფინანსების გაფართოებული მექანიზმის" პროგრამის მეორე მიმოხილვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხადრაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა. აღნიშნული პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა და ითვალისწინებს 210.4 მლნ SDR-ის (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარი) უზრუნველყოფას ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად.
აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 30 მილიონ SDR-ის (42.25 მილიონი აშშ დოლარი). დარჩენილი თანხას ქვეყანა მიიღებს პროგრამის განმავლობაში მომდევნო ორი წლის მანძილზე, ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.