ქართულ ბაზარზე მაღაზიიდან პროდუქტების მიტანა უკვე შესაძლებელია. კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, თემურ ლეჟავას moitane.ge-ს შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ნახა, რომ მსგავსი მომსახურება აქ არ არსებობდა.კომპანიაში აცხადებენ, რომ კონკურენტი არ ჰყავთ, რადგან მათი სერვისი პროდუქტის უსწრაფესად და მაღაზიის ფასად მიწოდებას გულისხმობს.
ერთ კვირაზე მეტია საიტი moitane.ge ამოქმედდა, თუმცა დამფუძნებლები თემურ ლეჟავა, ნიკა ნაცვლიშვილი, ანანო სიჭინავა და ნინო შევარდნაძე იდეის განხორციელებაზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანანო სიჭინავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, moitane.ge-ს მიტანის სერვისი ამ ეტაპზე თბილისის 6 უბანზე ვრცელდება და უახლოეს მომავალში დედაქალაქის სრულად დაფარავა იგეგმება.
„როდესაც ადამიანი შემოდის საიტზე moitane.ge, მაქს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ მაღაზიაში შეუკვეთოს ნებისმიერი პროდუქტი.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტი, რომელიც განთავსებულია ჩვენს გვერდზე, მოცემულია მაღაზიის ფასად. ერთადერთი რასაც მომხმარებელი იხდის არის მიტანის ღირებულება. ამასთან, არ არსებობს მინიმალური შეკვეთის ოდენობა, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ღირებულების პროდუქტი შეიძინოს და ჩვენ მას შეკვეთას უმოკლეს დროში მივუტანთ“,-აცხადებს ანანო სიჭინავა.