მსოფლიო მედიაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, მოახერხა თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაეთანხმებინა საუდის არაბეთის მეფე სალმან აბდელ აზიზ ალ საუდი გაეზარდა ნავთობის მოპოვება დღეღამეში 2 მილიონი ბარელით.არაბული პრესის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერები თანხმდებობდნენ, რომ საჭირო იყო ნავთობის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნება, რათა მწარმოებელმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ მოხმარების დაკმაყოფილება ბაზარზე.
ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა დაითანხმა საუდის არაბეთის მეფე მის ქვეყანას გაეზარდა ნავთობმოპოვება დღეღამეში 2 მილიონი ბარელით. მანამდე კი თავად დონალდ ტრამპმა დაწერა ტვიტერზე, რომ მან ამ თხოვნით მიმართა საუდის მონარქს.
ამის შედეგ კვლავ ამერიკული The Wall Street Journal წერს, რომ საუდის არაბეთის მეფეს არ მიუცია გარანტია ამერიკის პრეზიდენტისთვის, რომ ის გაზრდიდა მოპოვებას. როგორც გამოცემას მაღალი რანგის წყარომ განუცხადა, მართალია გარანტიები არ გაცემულა, თუმცა საუდის არაბეთმა დაუდასტურა ამერიკულ მხარეს, რომ ის მზად არის გადადგას ეს ნაბიჯი, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება.
ამის პარალელურად განცხადებები გაკეთდა ირანშიც. მაღალჩინოსნების განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოდის, რომ ეს ქვეყნები არ ემორჩილებიან „ოპეკის“ რეგულაციებს და მის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათი ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება როგორც სურვილი დატოვონ ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, მსოფლიო ბაზარზე ბოლო კვირის განმავლობაში ნავთობზე ფასები გაიზარდა, ამას კი ექსპერტები უპირველს ყოვლისა ამერიკის მხრიდან ირანზე დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ. ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად კი ამერიკული მხარე ციდლობს მის პარტნიორებზე მოახდინოს გავლენა, რათა მათ გაზარდონ მიწოდება ბაზარზე და შედეგად დაარეგულირონ ნავთობის ფასი.
კოკა კვირკველია