Boeing ზებგერით ლაინერს გამოუშვებს, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს 2 საათში დაფარავს

ამერიკული ავიამშენებელი კომპანია Boeing გეგმავს წარმოებაში ჩაუშვას ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც შეძლებს 6 ათასი კმ/სთ სიჩქარის განვითარებას, - წერს გამოცემა The Independent.

ახალი თვითმფრინავი შეძლებს ატლანტიკის ოკეანის დაფარვას დაახლოებით ორ საათში, წყნარი ოკეანისას სამ საათში. ატლანტის ოკეანის დაფარვის ამჟამად არსებული რეკორდი ანგლო-ფრანგულ თვითმფრინავ „კონკორდს“ ეკუთვნის, რომელმაც ეს 2 საათსა და 50 წუთში მოახერხა. ჩვეულებრივი ლონდონიდან ნიუ-იორკში მიმავალი ლაინერები კი ამ მანძილის დაფარვას თითქმის 7 საათს ანდომებენ.

Boeing-ში იმედოვნებენ, რომ ზებგერითი თვითმფრინავის ჩაშვებით ნებისმიერი მსურველი შეძლებს ოკეანის მიღმა საქმეზე გადაფრენას და უკან დაბრუნებას დღეღამის განმავლობაში.

ექსპერტების განცხადებით, მსგავსი ტიპის თვითმფრინავი ცაზე მხოლოდ 2023 წლისთვის გამოჩნდება, ხოლო თავად კომპანიაში ამ თვითმფრინავებით რეგულარული რეისების დაწყებას 2030 წლიდან გეგმავენ.

კოკა კვირკველია