საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 7,6%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 34%-ით შემცირდა

2018 წლის 5 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 34%-ით შემცირდა.მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი ელექტროსადგური - ენგურჰესი მაისში რამდენიმე დღით სრულად გაჩერებული იყო და ქვეყანა ელექტროენერგიას ყიდულობდა, ის იმპორტის საერთო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად არ ასახულა. კერძოდ, წელს იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანამ 302.2 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები დენი იყიდა. საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 888.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, წელს კი მხოლოდ 586.0 მლნ კვტ/სთ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, 2018 წლის 5 თვეში ქვეყანაში სულ გამომუშავებულია 5169.5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, აქედან თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 991.6 მლნ კვტ/სთ, ჰიდროელექტროსადგურებმა - 4142.9 მლნ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ კი 35.0 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

2017 წლის იანვარ-მაისში კი საქართველოში ყველა ელექტროსადგურმა გამოიმუშავა 4415.4 მლნ კვტ/სთ, რაც წლევანდელ წელთან შედარებით 754.1 მლნ კვტ/სთ-ით, ანუ დაახლოებით 17%-ით მეტია.

ამასთან, ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-მაისში სულ მომხმარებული იქნა 5564.0 მლნ კვტ/სთ, რაც 412.0 მლნ კვტ/სთ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის 5 თვეში ქვეყანამ სულ 5152.6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. რაც შეეხება კონკრეტულად მომხმარებელზე მიწოდებას, ეს მაჩვენებელიც წელს 376.3 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წლის იანვარ-მაისში მომხმარებელს მთლიანად მიეწოდა 4912.5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, წელს 5 თვეში ამ მაჩვენებელმა 5288.8 მლნ კვტ/სთ შეადგინა.