ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „ოპეკი“ ნავთობის ბაზრებით მანიპულირებს და მოუწოდა ორგანიზაციას, შეწყვიტოს ამ პრაქტიკის გამოყენება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ვინმე მანიპულირებს ნავთობის ბაზარზე. „100%, ამას აკეთებს „ოპეკი“ და უმჯობესია მათ ეს შეწყვიტონ, ვინაიდან ჩვენ ვიცავთ ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა „ოპეკის“ წევრ ქვეყნებს, გაზარდონ ნავთობმოპოვება დღიური 2 მილიონი ბარელით.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მოუწოდა საუდის არაბეთის მეფეს გაზარდოს ნავთობმოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით. ამის შემდეგ არაბულმა გამოცემამ დაწერა, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარება ტელეფონით განიხილეს, თუმცა აქ არ იყო მითითებული თხოვნა 2 მილიონით გაზრდაზე.
მოგვიანებით The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ სალმან ბენ აბდელ აზის ალ საუდს არ მიუცია პირობა დონალდ ტრამპისთვის, რომ გაზრდიდა მოპოვებას, თუმცა განაცხადა, ჰქონდა ყველა შესაძლებლობა დააკმაყოფილოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა.
კოკა კვირკველია