ყველამ უნდა ვისწავლოთ, რომ სწორად დავაყენოთ მოთხოვნები ავიაკომპანიის თუ ნებისმიერი კომპანიის მიმართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.მისი თქმით,“ვიზეარი“ ევროპული ავიაკომპანიაა, რომელსაც გავლილი აქვს ყველა საერთაშორისო შემოწმება და სამინისტროს ამ კუთხით კითხვები არ აქვს.
“ვიზეარი“ გახლავთ ევროპული კომპანია, რომელსაც გავლილი აქვს ყველა საერთაშორისო შემოწმება და სერტიფიკატი, რაც მას უფლებას აძლევს, იფრინოს არა მარტო საქართველოს ცაზე, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენ კითხვის ნიშანი არ გაგვაჩნია. ბოლო ორი შემთხვევა იყო ტექნიკური გაუმართაობის ნაწილში. იმდენად გამკაცრებულია ფრენების უსაფრთხოება, რომ დღეს ძალიან მცირე პროგრამული ხარვეზის გამო, მფრინავმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბორტი აღარ გაფრენილიყო და მთელი პროცესის შემოწმება გაიარა. თქვენ რომ აიღოთ საერთაშორისო სტატისტიკა, ასეთი რამ ბევრგან ხდება, უბრალოდ, ჩვენთან ცოტა უფრო მეტი სიმკაცრით აქვთ ხოლმე ქართველ მგზავრებს მოთხოვნა.
მთავარია, მგზავრების უსაფრთხოება და შემდგომში ყველამ უნდა ვისწავლოთ, რომ სწორად დავაყენოთ მოთხოვნები ავიაკომპანიის თუ ნებისმიერი კომპანიის მიმართ. არსებობს შესაბამისი კომპენსაციები, რომელსაც მიიღებენ მგზავრები. დღესაც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამ ამბის გაგებისთანავე გაემგზავრა ქუთაისში,“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ვიზეარის" თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდის მიმართულებით მიფრინავდა, დღეს ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.