სურსათის სააგენტომ ოთხ სასკოლო სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით ჩატარებული გეგმური ინსპექტირების შედეგად, 4 სასკოლო სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ ინსპექტირება 380 სკოლის სასადილოში ჩაატარა.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს პრიორიტეტად განსაზღვრა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლის სასადილოებისა და მაღალი რისკის საწარმოების ინსპექტირება. საქართველოში ამჟამად 2000-ზე მეტი სკოლაა. 2014-2015 წლის განმავლობაში ინსპექტირებული იქნება ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლების კვების ბლოკები.

ამასთან, მიმდინარე წელს ჩაატარა 1016 ინსპექტირება ქვეყნის მასშტაბით. აქედან დაჯარიმდა 87 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 19 ბიზნესოპერატორს. აქედან, გეგმური ინსპექტირება განხორციელდა - 614 ბიზნესოპერატორთან; არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა 42 ბიზნესოპერატორთან; გადამოწმება - 360 ბიზნესოპერატორთან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან საწარმოების ინსპექტირებას ახორციელებენ რეგიონის სპეციალისტებიც. თუკი 2013 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 ინსპექტორს ჰქონდა ინსპექტირების უფლებამოსილება, ამჟამად კონკურსის წესით შერჩეული ინსპექტორების რიცხვი 74-მდე გაიზარდა.

კვალიფიციური კადრების შერჩევა გრძელდება.