მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც დამსაქმებელს ახალ ვალდებულებებს დააკისრებს და მათი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს დაუწესებს,- ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს "უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის" ექსპერტმა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი სულთანიშვილმა მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის ინსპექციის სპეციალისტები სამუშაო ადგილზე კრიტიკულ შეუსაბამობებს აღმოაჩენენ, შესაძლოა, კომპანიას სამუშაო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდეს. თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულ შეუსაბამობად, ამაზე გიორგი სულთანიშვილი საუბრობს:
"ნებისმიერ ახალ თანამშრომელს, რომელიც რაიმე ისეთ მოწყობილობასთან იწყებს მუშაობას, რომელიც საფრთხის შემცველია, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თუ ასე არ მოხდა, ესეც კრიტიკული შეუსაბამობების ჩამონათვალში მოხვდება, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. ოფისებში ძირითადად, სახანძრო უსაფრთხოების პრობლემებია, პრობლემაა ცეცხლმაქრების არარსებობა, რომლებსაც, შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანების მიერ ყოველთვე უნდა უკეთდებოდეს ინსპექტირება, შემოწმება, ეს ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტებით დადასტურებული და თვითონ ცეცხლმაქრზე უნდა იყოს იარლიყი, რომელზეც დატანილი იქნება, ცეცხლმაქრი როდის და ვინ შეამოწმა, პასუხსმგებელი პირი ვინ არის და ა.შ".
გიორგი სულთანიშვილის თქმით, კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ვენტილაციისა და ჰაერის ხარისხის საკითხზეც, რომელიც ასევე კანონით რეგულირდება.
"საქართველოში ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში აშენებულ ნაგებობებს, რომლის ფასადიც მინით არის გაკეთებული. ეს პრობლემა, ფაქტობრივად, ყველგან გვხვდება, ალბათ იმიტომ, რომ კარგი ვენტილაციის მწარმოებელი კომპანიებისა და შემდეგ სწორად მონტაჟის გამოცდილება არ არსებობდა ქვეყანაში. ვენტილაცია და ჰაერის ხარისხი გრძელვადიანად საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის, დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად იჩენს თავს და ორგანიზაციებს, სადაც ეს პრობლემაა, მომავალში აუცილებლად მოუწევს მათ საწარმოში არსებული პირობების გამო დაავადებული ადამიანებისთვის კომპენსაციის გადახდა და მკურნალობა", - განმარტა გიორგი სულთანიშვილმა.
ექსპერტის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში დათვლილია, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო ადამიანის პროდუქტიულობას მინიმუმ 13%-ით აუმჯობესებს, რაც არა მხოლოდ დასაქმებულთათვის, არამედ კომპანიებისთვისაც დადებითი შედეგების მომტანია. მისივე თქმით, ახალი კანონმდებლობა, რომელიც დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ამოქმედდება, ამ მხრივ იმედის მომცემია. კითხვის გაგარძელება