საქართველოში ბინების 70-80% განვადებით იყიდება

სამშენებლო კომპანიების გაყიდვების 70-80% განვადებაზე მოდის.როგორც დეველოპერების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ნაღდი ანგარიშსწორებით ბინების მხოლოდ 20-28% იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლეობას ბინის შეძენა ერთჯერადი გადახდით არ შეუძლია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 90,8%-ით გაიზარდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოში სულ 77 954 ტრანზაქცია განხორციელდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2014 წლის მაისში 40 836 იყო.

რაც შეეხება ისევ 2018 წლის მაისს, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (25.5%-ით), ისე მეორადი (13%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. აპრილში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 67 223 ერთეული შეადგინა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ფრანგული უბანში“ განუცხადეს, მათი გაყიდვების 49 % შიდა განვადებაზე მოდის, 23% - ბანკის განვადებაზე (იპოთეკაზე), ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით ბინების მხოლოდ 28% იყიდება.

გაყიდვების 80%-ს განვადება შეადგენს დეველოპერულ კომპანია „ივერიონშიც“. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ჯაყელის თქმით, ნაღდი ანგარიშსწორებით ბინების მხოლოდ 20% იყიდება.

„ჩვენს კომპანიას საბანკო განვადება არა, მაგრამ შიდა განვადება გვაქვს. შემიძლია თქვა, რომ გაყიდვების 80% მაინც განვადებაზე მოდის, დანარჩენი 20% იყიდება მხოლოდ ნაღდი აგნარიშსწორებით“,- აცხადებს არჩილ ჯაყელი.

შედარებით განსხვავებული მაჩვენებელი აქვს დეველოპერულ კომპანია „რედკოს“. როგორც კომპანიის პროექტების მენეჯერი, მალხაზ კუნელაური აცხადებს, მათი ბინების 40-45% საბანკო განვადებით იყიდება, დაახლოებით 10% შიდა განვადებით, დარჩენილი კი ნაღდი ანგარიშსწორებით.

ნინი ქეთელაური