ფარავნის ტბასთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ფარავნის ტბასთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.კერძოდ, ფარავნის ტბის ჯებირისა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება იწყება 22 ივლისს და 27 ივლისს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 159 300 ლარია.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სოფელ ფოკაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას. მომსახურების მიზანს წარმოადგენს კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი და მოწესრიგებული გარემოს შექმნა ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიიდან, ფარავნის ტბის სანაპირომდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და მათ მოპირკეთება; ფარავნის ტბის სანაპიროზე, ტბის სამხრეთ ნაწილში, სანათლავის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ამავე ტერიტორიის მიმდებარედ ღია ავტოსადგომის და მცირე ბელვედერის (პანორამული ხედის) მოწყობა; საზოგადოებრივი რეტერეატის (სანკვანძი) მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ფარავნის ტბის ჯებირის, წყლის გამშვები მარეგულირებელი კვანძის რეაბილიტაცია და აღნიშნულ პოზიციებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.