გრანდიოზული ფასდაკლება წიგნებზე, სასიამოვნო მუსიკა და ტკბილეული - სწორედ ასე აღნიშნა საქართველოს უდიდესმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ თავისი 57-ე ფილიალის გახსნა.„ჩვენი კომპანიის ისტორიაში დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - თბილისში, ცოტნე დადიანის 137-ში, ახალი, 57-ე ფილიალი გავხსენით. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს დღე ჩვენი სტუმრებისთვისაც განსაკუთრებული ყოფილიყო. პირველმა 57 მომხმარებელმა 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა, დანარჩენებმა კი მთელი დღის განმავლობაში წიგნები -20%-იანი ფასდაკლებით შეიძინეს. სპეციალურად მათი განწყობისთვის, ფილიალი ფერადი ბუშტებით გავაფორმეთ. მომხმარებლებს წიგნის კაფე „პიატოს“ უგემრიელესი მაფინებითაც გავუმასპინძლდით.
ფილიალების გახსნას სამომავლოდაც ვგეგმავთ. როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რათა წიგნი კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა „ბიბლუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ 2 ივლისს, ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზიაში სხვადასხვა აქტივობებიც დაიგეგმა. სტუმრებს სპეციალურად მოწვეული ანიმატორები შეეგებნენ. დღის მეორე ნახევარში კი ბლიცგათამაშებაც მოეწყო. საჩუქრების სახით მომხმარებლებს გამომცემლობა Palitra L-ის მიერ დაბეჭდილი ბესტსელერები, ონლაინმაღაზია allwine.ge-ის ღვინოები, წიგნის კაფე „პიატოს“ ვაუჩერები, სასკოლო ნივთები და სხვა საინტერესო სიურპრიზები გადაეცათ.
„მოხარული ვარ „ბიბლუსის“ ახალი ფილიალის გახსნით. პირველ 57 მომხმარებელს შორის აღმოვჩნდი, რამაც ძალიან გამახარა. წიგნები დღეს -50%-იანი ფასდაკლებით შევიძინე. ჩემმა მეგობარმა კი თქვენგან საჩუქრად, ულამაზესი სკოლის ჩანთა მიიღო, რომელიც აუცილებლად გამოადგება მის პატარას. ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ თქვენგან. მინდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეთ. კიდევ უფრო მეტი მკითხველი გყავდეთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეაყვაროთ კითხვა. მადლობა თქვენ“, - განაცხადა „ბიბლუსის“ მომხმარებელმა თეონა ჯაშმა.