თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით განმეორებით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმ პროექტებზე, როგორიცაა - ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
მან აქვე აღნიშნა, რომ პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა და კომპანიების მხრიდან წინადადებები არ იყო წარმოდგენილი.
“ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდით. მათ კიდევ უფრო დეტალურად განაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ინტერესთა გამოხატვის პირობები არის იგივე - ინვესტორს 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთი და არა 25-წლიანი იჯარით, როგორც ეს აქამდე იყო დადგენილი. ჯამურად, საპარკინგე ადგილების რაოდენობა სამივე ლოკაციის შემთხვევაში არის 715“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანიებს ეძლევა ორი თვე, რათა მათი ბიზნეს წინადადებები წარმოადგინონ, რომელსაც მერია განიხილავს და საუკეთესო წინადადების წარმდგენს პროექტის ექსკლუზიურად განხორციელების უფლებას გადასცემს.